დღეს კარგი ამბით გაგვახარეს ბრიუსელიდან. ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა: საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - მნიშვნელოვანი დათქმებით.
დღესვე ევროკომისიამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინასა და მოლდოვას, გახსნან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, - რაც კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებამდე.
რა თქმა უნდა, უკრაინის და მოლდოვას წარმატება გვიხარია, თუმცა შეუძლებელია გული არ დაგვწყვიტოს საქართველოს ჩამორჩენამ. ამას ვინღა ჩივის - საქართველოს მთავრობა ისე იქცევა, იმდენად ღრმა ღირებულებით და გეოპოლიტიკურ კონფლიქტშია ევროპულობასა და დასავლეთთან, რომ იმაზეც მადლობა გვეთქმის ჩვენზე საერთოდ ხელი რომ არ ჩაიქნიეს.
მადლობა საქართველოშიც ბევრს ეკუთვნის, მაგრამ არა მათ, საკუთარი ქვეყნის ბედს პასიურად რომ აკვირდებიან, უმწიფარი ინფანტილიზმისა თუ შეგნებული არჩევანის გამო მარგოდ და თეიმურაზ ხევისთავებად ქცეულან და უარესიც - ჯაყოს ნამოქმედარს სიამოვნებად ირგებენ.
მადლობა იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომელთაც თავისუფლება და ღირსება შინაარსდაცლილ სიტყვებად არ უქცევიათ და თავიანთი სიცოცხლით, თუ სიკვდილით საქართველოს სახე შეუნარჩუნეს, მომავლის იმედი არ დაგვაკარგვინეს.
გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილს, თამაზ გინტურს.. უკრაინაში დაღუპულ და დღეს მებრძოლ ქართველ მეომრებს, მათ მშობლებს, მათ ოჯახებს, საქართველოს დროშის გამო აფხაზურ ციხეში მყოფ ირაკლი ბებუას, და რუსული კანონის გაპროტესტების გამო ქართულ ციხეში მყოფ ლაზარე გრიგორიადისს, ევროპული დროშის ხელში ამაყად მპყრობ ნანა მალაშხიას და ყველა იმ საქართველოს გულშემატკივარს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომელთა თავდადებამ და დაუღლელობამაც მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ ევროპულ მომავალს ვიმსახურებთ, რადგან თავისუფლებისთვის ბრძოლა და თავის გაწირვა შეგვიძლია...
"ლომისა შენს ძალსა ვენაცვალე, შენი ჩამჭედის დედას შ***ცი!"
"ჩამჭედებთან" მოფლირტავე არამარტო მთავრობის, მაგრამ პირველ რიგში მთავრობის ხელში ქვეყანას ევროკავშირის წევრობა არ "ემუქრება".
ყველაფერი, რაც გაწევრების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელ პირობებად ჩამოგვიწერეს, იმ ბუნების, იმ შინაარსის საწინააღმდეგოა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება და მმართველი ელიტა წარმოადგენს. რუსული ოცნების ამსრულებლები - ვახტანგ გორგასალის, დავით აღმაშენებელის, თამარის, შოთა რუსთველის, სულხან-საბას, ილიას და ვაჟას წარმოდგენებს საქართველოზე - რუსულ ჭაობს ამჯობინებენ.
ილია ჭავჭავაძე, რომლის დაბადების დღეზეც ევროკავშირმა საქართველოს ხელი კიდევ უფრო მყარად ჩასჭიდა, ასეთ ჭაობს, ,,მომწამვლელ გუბეს“ ეძახის. სიტყვით პატრიოტობასა და საქმით მტრობაზე, ან უმოქმედო სიტყვაზე დარიგების მოსმენა, სწორედ დღეს, თუნდაც ამ საზეიმო განწყობისა და ეიფორიის ფონზე არ გვაწყენდა დიდი მოღვაწისა და წმინდანისგან, რომლის სიტყვაც ძარღვიანი იყო და საქმეც შედეგიანი.
"როცა საზოგადო მნიშვნელობის აზრი ამოქმედებს სიტყვას, მაშინ თვითონ თქმა ქმნად გადაიქცევა ხოლმე. ამ გზით სულჩადგმული ცხოვრება მოედანზედ გამოდის და შემოქმედებითი ძალი ცხოვრებისა აღარ უქმობს, არამედ იღვიძებს და ფრთას ისხამს. ეს შემოქმედებითი ძალი ცხოვრებისა სათავეა ყოველის წარმატებისა და მაგ ძალის ძლიერებაზედ დამოკიდებულია ყოველი იმედი ცხოვრების წინწადგომისა და განკარგებისა, საცა ეგ ძალი აღძრული არ არის, იქ ცხოვრება დგას, ვითარცა გუბე და გუბესავით შხამავს და სწამლავს გარეშემო ჰაერსა".
მოდით, მილოცვებთან ერთად იმაზე დავფიქრდეთ მოწინავენი აუტსაიდერებად რატომ ვიქეცით, და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ევროკავშირთან ასე ახლოს მყოფები ილიას მიერ დანაძრახი გუბედან ევროკანდიდატის სტატუსიან გუბერნიად არ გადავიქცეთ.