ბოლო ხანებში პოპულარული გახდა შენიშვნა თუ დამუნათება, რომ მედიის ყურადღების ცენტრში სულ პოლიტიკოსები, პარტიები და მათი პრობლემებია და ხალხი და მათი სატკივარი ყურადღების მიღმა გვრჩება. ჯერ ერთი, რომ ფორმულას და მათ შორის დროებას უბრალო ადამიანების ან სხვადასხვა სოციალური თუ პროფესიული ჯგუფების მიმართ უყურადღებობას ნამდვილად ვერავინ დაგვწამებს, მაგრამ გამოგიტყდებით, არც იმ მხრივ ვარ დიდად აჟიტირებული, როცა მთელ იმედებს პოლიტიკური პროცესის გამოსაცოცხლებლად ხალხში გასვლასა და მოსახლეობის ფართო ფენებთან აქტიურ კომუნიკაციაზე ამყარებენ. პრობლემა კომუნიკაციის ნაკლებობა არ მგონია. ამ მიმართულებით ფოკუსირება უფრო, პოლიტიკური სტრატეგიების სისუსტისა და არათანმიმდევრულობისგან აქცენტის გადატანად მეჩვენება. მიუხედავად ამისა, დღევანდელ ჩემს სათქმელში საერთოდ არ ვახსენებ არცერთ პოლიტიკოსს და პარტიას. მაგალითებით ვისაუბრებ ქვეყანაზე, რომელიც უსამართლობამ ყველა დონეზე მოიცვა და ყველგან შეაღწია.
მე პირადად, როგორც მოქალაქეს და ჩვენი საზოგადოების წევრს ძალიან მადარდებს და დანაშაულის გრძნობა მიპყრობს, როდესაც გადავცემთ ინფორმაციას წლის დასაწყისში ერთმანეთის მიყოლებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლის შედეგიც კონკრეტული ადამიანების მიმართ გამოჩენილ უსულგულობასა და დაუფასებლობასთან ერთად იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სამსახურები ნელ-ნელა და ახლა უკვე ჩქარ-ჩქარა იცლება პროფესიონალი კადრებისგან და ასპარეზი რჩებათ მხოლოდ მათ, ვინც მზად არიან კონიუნქტურის გამო ზემოდან წამოსულ ნებისმიერ სიგიჟეს და ახირებას შეეგუონ:
წარმოუდგენელი უსამართლობაა როცა კვალიფიციურ ადამიანებს, რომლებიც წლებია ერთგულად ემსახურებიან ხელოვნების სფეროს და თავდაუზოგავად შრომობენ ქართული კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად, სამსახურებიდან ყრიან. ბოლო კვირის განმავლობაში ეროვნული მუზეუმიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს უმაღლესი კვალიფიკაციის თანამშრომლები, მათ შორის ხელოვნების დოქტორი ნანა ბურჭულაძე, რომელიც 40 წელია ფერწერული ხატების ფონდის მცველია და წლებია რაც შუა საუკუნეების ფონდის მთავარი კურატორი იყო. და ეს წმენდა, სხვას ვერაფერს ვუწოდებ, ხდება არა იმიტომ, რომ ამ ხალხს პარტიული სიმპათიები ამოძრავებთ, ან პოლიტიკასთან რამე შეხება აქვთ, არამედ იმიტომ, რომ მათ ეროვნული საგანძურის მუზეუმიდან გატანის შესახებ პროფესიული მოსაზრების გამოხატვა გაბედეს, რომელიც ბოლშევიკი მინისტრის შეხედულებას არ დაემთხვა. დიახ, ქალბატონი ნანა ბურჭულაძე და მისი კოლეგები, მათ შორის არამარტო ხელოვნების მუზეუმის, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან, არიან უსამართლობის მსხვერპლი, რომელმაც ამ ქვეყანაში დაივანა.
არანაკლებ დიდი უსამართლობაა მთავრობის სოციალური მუშაკებისადმი დამოკიდებულება. როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ერთი მესამედი სოციალურად დაუცველია, ხოლო ის ადამიანები, ანუ სოციალური მუშაკები, რომლებიც ყველაზე დაუცველ რიგით მოქალაქეებთან ხელისუფლების მთავარ დამაკავშირებელს წარმოადგენენ და რომლებიც მასწავლებლებთან, ექიმებთან თუ პოლიციელებთან ერთად ყველაზე დაფასებული პროფესიის წარმომადგენლები უნდა იყვნენ, თავადაც სიღარიბის მიღმა ცხოვრობენ. მათი ყოველთვიური ხელფასი 200-დან 580 ლარამდე მერყეობს. მაგალითად, თეა ნარიმანიშვილის ხელფასი 370 ლარია. სოციალურ აგენტს, რომელსაც არც ჯანმრთელობის დაზღვევა აქვს, თავად უწევს გზის ფულის თუ სხვა ხარჯების გაღება იმისთვის, რომ ყოველდღიურად 50-ზე მეტი სოციალურად დაუცველი მოინახულოს. ამ საჯარო მოხელეების ხელფასის ზრდა ვერა და ვერ მოხვდა "მზრუნველი" პრემიერ მინისტრის და მმართველი გუნდის პრიორიტეტებში, რომელთაც პარტიის ერთგული კადრებით გადავსებული სახელმწიფო სექტორისთვის ხელფასების, პრემიების და დანამატების ზრდა არასდროს ენანებათ.
აი, მესამე უსამართლობა კი ადამიანის მიმართ პირდაპირი, უხეში რეპრესიით გამოვლენილი უსამართლობაა. არ გეგონოთ ზოგადად პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, ან პოლიტიკოსების მიმართ სამართლებრივ დევნაზე მიგითითებდეთ, რაც სამწუხაროდ კარგა ხანია ამ ქვეყნის ყოველდღიურობად იქცა. მე კონკრეტულ უსამართლობაზე ვსაუბრობ, ხობის პოლიციის ყოფილ უფროს ლექსო რაფავასთან მიმართებაში. ადამიანი, წლების განმავლობაში, იარაღით ხელში, ერთგულად ემსახურა ქვეყანას. არაერთხელ ჩაიგდო თავი საფრთხეში იმისთვის, რომ სხვები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ და სწორედ მას მიადგა კარზე უსამართლო მართლმსაჯულება, საწოლში იარაღი ჩაუდეს და არჩევნების წინა დღეს დააპატიმრეს, იმისთვის რომ ხმების მანიპულირებაში ხელი არ შეშლოდათ. 2 დღის წინ სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ლექსო რაფავა შეთითხნილი, ყალბი ბრალდებით ზის ციხეში და ეს რომ უსამართლობაა ყველამ, მათ შორის ოცნების მომხრეებმაც კარგად იციან. მაგრამ საქმეს ასე ჭირდებოდა. რა პრინციპი, რისი ადამიანის უფლებები.
2012 წელს მილიარდერი ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ ორი რამის გამო აირჩია: მას სოციალური უსამართლობა და უთანასწორობა უნდა დაემარცხებინა და რიგითი ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები შეექმნა, ანუ სამართალი დაემკვიდრებინა. ამის ნაცვლად მან ყველა ინსტიტუტი დაიმონა და მთლიანად ქვეყანა აქცია უსამართლო სივრცედ. და როდესაც კულტურის და სახელოვნებო სფერო, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის ღირებულებით სისტემას, ბოლშევიკური მეთოდებით იმართება და აზრის გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე ექმნება; როდესაც მმართველი კლასი, საკუთარი ფუფუნების ფონზე, სიღარიბისთვის წირავს საჯარო მოხელეებს; როდესაც სისტემა, დაგმობილი წარსულიდან გადმოტანილი, იარაღის ჩადების სამარცხვინო მეთოდით ციხისთვის იმეტებს უდანაშაულო, ქვეყნისთვის თავდადებულ ადამიანებს; როდესაც რეპუტაციულად არყევს და იმონებს ყველა ინსტიტუტს და ამ ყველაფერზე საზოგადოება მწვავედ არ რეაგირებს, ასეთ ქვეყანას უსამართლო და ღირებულებებისგან დაცლილი საბჭოთა ტიპის, მაფიოზური მეთოდებით მართული სახელმწიფო ჰქვია. ასეთ მემკვიდრეობაზე და მოშლილ ღირებულებათა სისტემაზე კი დემოკრატია და მითუმეტეს კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოება უბრალოდ ვერ შენდება.
როგორც ნახეთ და მოისმინეთ, არცერთი პოლიტიკოსი და პარტია მიხსენებია. თქვენნაირი ადამიანების და მათი ოჯახების მიმართ განხორციელებული უსამართლობის მაგალითები მოგიყვანეთ. ე. წ. უბრალო ადამიანების. არადა ისინი უბრალოები არ არიან, მათგან შედგება ჩვენი საზოგადოება და მეტიც - მათზეა დიდწილად დამოკიდებული ჩვენი წინსვლა და კეთილდღეობა. და თუ უსამართლობის თითოეულ აქტს, იქნება ეს ერთი ხელოვნებათმცოდნის, ერთი სოციალური მუშაკის, ერთი რეჟისორის, ერთი ექიმის, ერთი რომელიმე ინსტიტუტის თუ სფეროს, ან უბრალოდ ერთი ადამიანის მიმართ, შევეგუებით, ხმას არ ამოვიღებთ, თვალს დავხუჭავთ, იმის იმედით, რომ ჩვენ ეს არასდროს შეგვეხება, ამით თავადაც ამ უსამართლო რეჟიმის ხელშემწყობები გავხდებით. უსამართლობა კი უნივერსალურ და ყოვლისმომცველ მონსტრად გადაიქცევა, რომელიც კარზე უკვე ნებისმიერს აუცილებლად მიუკაკუნებს.