ქალბატონმა ზურაბიშვილმა დღეს ყველას შეგვახსენა, რომ პრეზიდენტი მარტო ციხეში არ გვყავს.
უფრო სერიოზულად კი, ერთადერთი, რაც მენიშნა, მისი მცდელობაა - თავი გადაიზღვიოს და უცხოელი პარტნიორებისგან კაცთმოძულის სტატუსი არ მიიწებოს. ამხელა პრეზიდენტ ქალს, რომელსაც კრიზისის განმუხტვის კონსტიტუციური და ისტორიული ვალდებულების ტვირთი აწევს, კაფანდარა ნინო ლომჯარიამ აჯობა და ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ საქებარი სიტყვები დაიმსახურა.
საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმიტომ გვიბრუნებენ მძევლობიდან, რომ თბილისში მოკვდეს;
არჩევნებს აუქმებენ - სხვა რა ვუწოდოთ გადაწყვეტილებას, რომლითაც თვითმმართველობის ბიუჯეტები ახალარჩეული საკრებულოების ნაცვლად ძველს და უპირობოდ მორჩილს დაამტკიცებინონ;
მოსკოვს, საამებლად, საკუთარი პრეზიდენტის დასამცირებელ შოუს უდგამენ;
საქართველოს გულშემატკივარ ევროპელებს კრიმინალების მფარველებს ეძახიან;
კოსმოსში გავარდნილ ფასებს ვეღარ თოკავენ, ისევე როგორც უმართავობის შედეგად სიბნელის ღმერთს უკვე 11212 ადამიანი შევწირეთ;
მოშიმშილე პრეზიდენტს კი არა - ქვეყანას უდგას "აგრესიული ინტენსიური თერაპიის საჭიროება".
მოდით დროებით დავივიწყოთ ივანიშვილიც, სააკაშვილიც, ქართული ოცნებაც, ნაცმოძრაობაც და შევეცადოთ რაციონალურად შევაფასოთ ის, რაც დღეს ქვეყნაში ხდება: ერთი პოლიტიკური ჯგუფი ყველა მეთოდის გამოყენებით იბრძვის ძალაუფლების და სტატუს კვოს შესანარჩუნებლად.
ამ პოლიტიკურ ბრძოლაში მმართველი ძალა სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაშია შესული მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, რომელსაც, უახლესი წარსულისგან განსხვავებით, დღეს მორალურადაც და ელექტორალურადაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უმაგრებს ზურგს.
რას ელის საქართველოს რიგითი მოქალაქე ნებისმიერი მთავრობისგან: მას ხელისუფლება და მისი ყველა შტო სჭირდება იმისთვის, რომ იყოს დასაქმებული და რეალიზებული; უსამართლოდ არ დაიჩაგროს; კრიმინალისგან დაიცვან; ცივილიზაციურ სამყაროსთან წვდომა არ შეეზღუდოს; მისი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი; შვილებს ქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება და მშვიდად და ბედნიერად იცხოვროს.
ამ მოთხოვნებიდან თუ გამოვალთ და დავფიქრდებით - რა შანსი აქვს ხელისუფლებას მოსახლეობის მოლოდინებს უპასუხოს, პასუხი ობიექტურად იქნება, რომ თითქმის ნულოვანი. რადგან, იმისთვის რომ გადააგოროს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც სააკაშვილის ჩამოსვლით და ციხეში შიმშილობით კიდევ უფრო დამძიმდა და ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ხელისუფლება, მმართველ პარტიას უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა და ისეთი მაღალი ფასის გადახდა, რომ გულწრფელი სურვილის შემთხვევაშიც კი, მას მოსახლეობის მთავარი მოთხოვნების შესასრულებად რესურსი უბრალოდ აღარ აქვს.
მათ უკვე გადალახეს წითელი ხაზები, დაუპირისპირდნენ ყველა სტრაგეგიულ მოკავშირეს და იზოლაციისკენ მიჰყავთ ქვეყანა; სრულად დაკარგეს ღირსება და მორალური სახე, რის გარეშეც რთულია სადმე რამე პროცესი მართო, განსაკუთრებით კი საქართველოში; უკვე აიღეს უზარმაზარი ვალები, ხვალ მეტის აღებას შეეცდებიან, რაც უკვე ძალიან გაუჭირდებათ; ბოლომდე დაკარგეს ინვესტორების ნდობა, რაც ისედაც კატასტროფულად შემცირებული ინვესტიციების კიდევ უფრო კლებას ნიშნავს; და როდესაც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მზად ხარ მეგობარი უკრაინა გადაიმტერო, პოლონეთის პრეზიდენტი არაფრად ჩააგდო, ევროპარლამენტარები ქვეყნის მტრებად და ამრევებად გამოაცხადო, ამერიკელი კონგრესმენების მოთხოვნებს სრული იგნორირებით უპასუხო, უცხოელ ბიზნესმენებს ქვეყნიდან კაპიტალის გატანა აიძულო, როგორ უნდა შეძლო ისეთი პრობლემების მოგვარება როგორიც არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, რომელიც უკიდურესად გვაღარიბებს; კოვიდ პანდემია, რომელიც ყოველდღიურად ასამდე ადამიანის სიცოცხლეს გვართმევს; ანდა ინფლაციას, რომლის დამსახურებითაც ყველაფერი კატასტოფულად ძვირდება და ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელი ხდება.
ასე თუ გაგრძელდა, ხვალ და ზეგ საარსებო გარემო კიდევ უფრო დამძიმდება. ხელისუფლება კი დღითიდღე დასუსტდება. მთავრობა შეგვიძლია ფიგურალურად იმ ძალოსანს შევადაროთ, რომელსაც მაშინაც კი როდესაც საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში იყო, კომპეტენციის არქონის გამო სერიოზულად უჭირდა სიმძიმეების დაძლევა.
დღემდე კი იმის დამსახურებით მოვიდა, რომ წინა ხელისუფლების დინამიკა ფონად მოჰყვებოდა, ხოლო საკუთარ ენერგიასა და რესურსს სრულად ძალაუფლების შენარჩუნებას უთმობდა.
დღეს უკვე დადგა მომენტი, როდესაც ხელისუფლება სრულად გამოფიტულია, მოსახლეობის პრობლემებით გადატვირთული "შტანგა" კი უკიდურესად დამძიმებული, რისი აწევის თავიც მთავრობას არ აქვს. ამიტომაც, დიდი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ თუ მმართველი ძალა სასწრაფოდ ხელისუფლებას არ ჩამოვაშორეთ, საკუთარ თავთან ერთად ქვეყანასაც გაჭყლეტს.
გამოსავალი ცვლილებასა და ეროვნულ შერიგებაშია. ოცნებას ოპოზიციაში გადასვლა, დასვენება და ძალების აღდგენა სჭირდება, ქვეყანას კი ახალი ძალების ერთობლიობა, რომელიც განახლებული ენერგიით შეძლებს დაგროვილი პრობლემების მოგვარებას. ჩიხში შესულ უფროს თაობას მაშველი რგოლი და ვითარების მოგვარების რეცეპტი ისევ ახალმა თაობამ გადაუგდო: მოუსმინეთ ედუარდ სააკაშვილს და თორნიკე დავითაშვილს.
ორივე ამ ახალგაზრდას ხელისუფლებაში მყოფებზე ბევრად მეტი მიზეზები აქვთ რომ შურისძიება სწყუროდეთ, თუმცა, ისინი ჰუმანურობაზე, ქვეყნის ინტერესების პირადზე წინ დაყენებასა და თანამედროვე საქართველოს ისტორიის ამ ავბედითი გვერდის სასწრაფოდ გადაფურცვლაზე საუბრობენ.
და თუ ეს "ბავშვები" ახერხებენ კონტექსტის ჯეროვნად აღქმას, ვითარების სწორ ანალიზს და რაც მთავარია თავშეკავებულად და ღირსეულად მოქმედებას, უდიდესი სირცხვილი იქნება თუ სიძულვილით დაბრმავებული უფროსი თაობა, რომელიც დღეს პოლიტიკაშია და ქვეყნის ბედს განგება, ამას ვერ მოახერხებს.
მაშინ, შესაძლოა, ქვეყანას აგრესიულმა ინტენსიურმა თერაპიამაც ვეღარ უშველოს..