logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: უხსენებელი

26 იან 202223:14
3 წუთის საკითხავი
 

"უხსენებელის", ანუ რუსეთის და პუტინის ხსენება მისმა "უჩინარესობამ" აკრძალა!

სადღაც, გულის სიღრმეში, ნამდვილად მქონდა იმედი, რომ ოცნება და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მაინც შეთანხმდებოდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, ვცდებოდი. ალბათ მას შემდეგ, რაც მის "უჩინარესობას" წააკითხეს - ორმხრივად შეთანხმებულმა ტექსტმა ფორმა იცვალა, შინაარსი დაკარგა, რუსეთი, როგორც აგრესორი გაქრა და უკრაინაში მშვიდობის შენარჩუნების მოწოდებით დასრულდა, თითქოს ამ მშვიდობას თავად უკრაინა ან დასავლეთი უქმნიდეს საფრთხეს.

რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართული დოკუმენტი რუსეთის ხსენების გარეშე მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის. შესაბამისად, უკრაინის მხარდამჭერ მრავალპარტიულ რეზოლუციას, რომელიც მართლაც რომ კარგი ჟესტი იქნებოდა, როგორც მოძმე უკრაინისთვის და ზოგადად დასავლელი პარტნიორებისთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის, ჩავარდნა ან ერთპარტიულად მიღება ელის. მასთან ერთად სამარდება ილუზიაც, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას რაიმე საკითხზე მაინც შეუძლიათ შეთანხმება.

რუსეთის მიმართ გადამეტებული სიფრთხილე და თავშეკავება ოცნების მხრიდან ახალი სულაც არ არის. მთელი მათი პოლიტიკა სწორედაც რომ რუსეთის "არგაღიზიანებაზეა" დამყარებული, მიუხედავად იმისა, რომ ეს  "არგაღიზიანებული" რუსეთი ინტენსიურად აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის მიტაცებას, ჩვენი მოქალაქეების წამებას და ხოცვას.

შესაძლოა, ზოგისთვის გასაგები და მისაღებიც იყოს ოცნების ასეთი მიდგომა, იმ ტრავმული და ტრაგიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გამოიარა. თუმცა, მთავარი აქ მაინც ისაა, რომ შიშმა სახე და ღირსება არ უნდა დაგაკარგვინოს. ის კი რასაც ახლა ვხედავთ, ანუ რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ რეზოლუციას რუსეთის ხსენების გარეშე, სწორედაც რომ სახის და ღირსების დაკარგვაა. ეს მხოლოდ მმართველი პარტიის სახე რომ იყოს კიდევ არა უშავს, ამას უკვე კარგა ხანია მივეჩვიეთ, ქვეყნის სახეს ვკარგავთ.  

შიშსაც რომ თავი დავანებოთ, პრაგმატულადაც მიუღებელია ის, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს. ბრმა უნდა იყო, ვერ ამჩნევდე, რომ დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ პოლიტიკა რადიკალურად და უსწრაფესად იცვლება: ნატოს ქვეყნები ლეტალურ იარაღს აწვდიან უკრაინას, სადაზვერვო ინფორმაციას აქტიურად უზიარებენ, ფინანსურ დახმარებას უზრდიან, რუსეთს კი, და უკვე ვლადიმირ პუტინსაც პერსონალურად, აგრესიის შემთხვევაში უმძიმესი ეკონომიკური სანქციები ელით. ამას "არგაღიზიანების" კი არა თავხედის დასჯის და რუსული აგრესიის შეკავების პოლიტიკა ჰქვია და დიდი ალბათობით, რესურსების თანაფარდობიდან გამომდინარე ამ კრიზისიდან უკრაინა და დასავლეთი სრულად გამარჯვებული თუ არ გამოვა, რუსეთთან შედარებით ბევრად მომგებიან პოზიციაში ნამდვილად აღმოჩნდება.

ბიძინას საქართველო კი, ლუკაშენკოს ბელარუსთან, ასადის სირიასთან, კიმ ჩენ ინის ჩრდილო კორეასთან და კიდევ რამდენიმე მსგავს სახელმწიფოსთან ერთად რუსეთის უპერსპექტივო მოკავშირეების მოკლე სიაშიც ვერ მოხვდება. ვერსად მოხვდება. "უხსენებელის" ხსენების შიშით...


close დახურვა