logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ფარაონის პირამიდა ყველას დაიტევს

09 ივნ 202418:25
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინა და მოლდოვა ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გახსნიან, საქართველოს კი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ ამ ტრიოს უპირობო ლიდერი იყო, იმავე შეხვედრაზე, იმავე ევროკავშირისგან მძიმე სასჯელს ელის. ამავე კვირაში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ობრაიენი ამერიკა-სომხეთის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ერევანში ჩადის. იგივე სახელმწიფო დეპარტამენტი კი ამასობაში საქართველოს ხელისუფლების წევრებს ასანქცირებს.

ეს კონტრასტული რეალობა, რომელიც წლების წინ არამარტო გარეშე მაყურებელს, ჩვენც წარმოუდგენლად არარეალურად მოგვეჩვენებოდა, სამწუხაროდ, უკვე შემდგარი ფაქტია.

არადა, ივანიშვილის მარიონეტები, თავგამოდებით კვლავ იმას გვიმტკიცებენ, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგადაა, საქართველო ამ ქვეყნებზე წინ და უკეთეს მდგომარეობაშია და ვერც შეზღუდვები დაგვაკლებს რამეს. რეალობა კი მძიმეა და დასავლური სანქციების ცუნამის დაძვრის შემთხვევაში ოცნება ხომ ვერ გადარჩება, მაგრამ მთელი ქვეყანა სერიოზულად ვიზარალებთ.

შეერთებულ შტატებს სანქცირების რამდენიმე მექანიზმი აქვს: არის შემთხვევები, როდესაც შეზღუდვებს კონგრესის ორივე პალატა კანონის მიღებით აწესებს და ადმინისტრაციას ამ კანონის შესრულებას ავალდებულებს. სახელმწიფო დეპარტამენტსაც შეუძლია საკუთარი შეხედულებით შემოიღოს სანქციები, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა კონგრესს მიღებული მსგავსი კანონი. ზოგჯერ რთულია კონსენსუსის მიღწევა - კონგრესი და აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ თანხმდება, რაც აჭიანურებს სანქციების დაწესებას. საქართველოს შემთხვევაში, ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია:

ამერიკაში, ივანიშვილის ხელისუფლების დასჯა, გადაწყვეტილი აქვს ყველას: ორივე პარტიას, წარმომადგენელთა პალატას, სენატს, სახელმწიფო დეპარტამენტს და თეთრ სახლს. ამიტომაც დაასწრო კონგრესსა და სენატში დაინიცირებულ “მეგობარი” და “ქართველი ხალის მხარდაჭერის” საკანონმდებლო აქტების მიღებას სახელმწიფო დეპარტამენტმა და სავიზო სანქციები სასწრაფო წესით გამოაცხადა, რასაც ამ კანონების მიღების შემდეგ აუცილებლად მოჰყვება ფინანსური და ქონებრივი სანქციებიც.

ვითარებას განსაკუთრებით ის ართულებს, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერის - შეერთებული შტატების ინიციატივას, დიდი ალბათობით ბრიტანეთი, კანადა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მალევე გაიზიარებენ, რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს როგორც ივანიშვილსა და ოცნების ლიდერებს, ისე მთლიანად ქვეყანას, რადგან სახელმწიფოს, რომელსაც ევროატლანტიკურ ოჯახთან დაახლოება სურს და დასავლეთისგან დასანქცირებული მთავრობა ჰყავს, ასეთი რეალობა არა მხოლოდ პერსპექტივას ართმევს, არამედ უდიდეს რეპუტაციულ ზიანს აყენებს, პარტნიორების თვალში ნდობას უკარგავს, რის აღდგენასაც, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაშიც კი წლები დასჭირდება.

დღეს ოცნება გაჯიუტებული ბავშვის პოზაშია, რეალობას ვერ აღიქვამს, კიდევ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ გაურბის და ღამით, უღრან ტყეში გზაკვალარეული ადამიანივით ხმამაღალი ლაპარაკით საკუთარ თავს ამხნევებს - სანქციები ვერაფერს დამაკლებსო. არადა უკვე ყველა ხედავს, რომ სრული კატასტროფაა მოსალოდნელი, როგორც მმართველი პარტიის, ისე მთელი ქვეყნისთვის.

მოკლედ რომ ვთქვათ, სანქციებიც სინდისზე ხელის აღებასავითაა - დაწყებაა ძნელი, თორემ მერე სულ ლიწინ-ლიწინით მიდის. ამერიკაც ასე იქცევა: ჯერ სიტყვიერად გაფრთხილებს, შემდეგ ჰაერში გაისვრის, შემდეგ კი ფეხებში წამოვა, სანამ ბოლომდე არ დაგიშვებს. ჩვენს შემთხვევაში, ოცნების ჯერ მხოლოდ ნაწილს, ჯერ მხოლოდ კოჭებში ესროლეს და სანამ მართლა სანქციების წვიმა წამოსულა, დროა ივანიშვილმაც და მისმა მარიონეტებმაც გაიაზრონ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია კატასტროფის თავიდან აცილება და ზიანის შემცირება, როგორც პირადად მათთვის, ისე ქვეყნისთვის.

ამ დღეებში მთელი ოცნება, კობახიძიდან კალაძემდე ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობაზე რომ ლაპარაკობს, ეს გადატვირთვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ხელისუფლება რუსული კანონს გააუქმებს, რეპრესიებსა და ძალადობას შეწყვეტს, ანტიდასავლურ რიტორიკას შეაჩერებს და სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ჩაატარებს.

29 აპრილს ივანიშვილმა დემოკრატიულ სამყაროს ომი გამოუცხადა და რასაც დღეს ვხედავთ, ამ ომის პირველი ნიშნებია, რაც ასევე იმის უტყუარი ინდიკატორია, რომ ოცნების საერთაშორისო პოლიტიკური რეაბილიტაცია ვეღარასდროს მოხდება. მხოლოდ ერთი, უკანასკნელი შანსი რჩებათ ივანიშვილის მსახურებს - მშვიდობიანად დათმონ ხელისუფლება, შეიმსუბუქონ, ან ჯერ კიდევ უმეტესმა ნაწილმა, საერთოდ, თავიდან აიცილოს მისი მძიმე შედეგები, რაც მთავარია არ გახდნენ საქართველოსთვის ისტორიული შანსის წართმევის თანამონაწილეები, შესაბამისად მოღალატეთა მძიმე დამღის სამუდამოდ მატარებლები.

იმედია, მათივე პატრონების მიერ ამოქოქილი პროპაგანდის ირეალურ სამყაროს თავს დააღწევენ, ზოგს მართლა ეყოფა IQ და ზოგს კი თვითგადარჩენის ინსტინქტი იმისათვის, რომ რეალობა მიიღონ ისეთად - როგორიც არის და არა ისეთად, როგორადაც მოსკოვში გამოგონილი მითებით აჯერებენ თავს, ელემენტარული ჭეშმარიტება გაიაზრონ და საფლავში არ ჩაჰყვნენ ფარაონს, რომლის პირამიდაც ყველას დაიტევს.


close დახურვა