logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ძალაუფლების ხამები

03 ნოე 202121:02
3 წუთის საკითხავი
 
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ძალაუფლების ხამები

 "უნახავი, რაიმეზე დახარბებული" - ასეთია ზედსართავ "ხამის" განმარტება ლექსიკონში. ძალაუფლების ხამი ხელისუფლება გამარჯვებას ზეიმობს, თუმცა მათ ლიდერებს სახეებზე ეტყობათ, რომ საზეიმო არაფერი აქვთ. ოპოზიციისთვის კი, რომელსაც გამარჯვება ხელიდან უსამართლოდ გამოგლიჯეს, აშკარაა, რომ წარმატების მისაღწევად არჩევნები უკვე აღარ კმარა. რევოლუციაზე კი არც იფიქროთ, არც იმეტყველოთო - გაგვაფრთხილა დღეს, ჯერჯერობით უმისამართოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელმაც აღსარების საიდუმლოთი დაწყებული, ყველა ოჯახის კერძო თუ ფინანსურ საიდუმლოებაში შეძრომა მოახერხა, ამას ბინძური ჭორებისა და ტყულ-მართლის საკმაზი დაუმატა და გამეტებით თავისსავე ქვეყანას და საზოგადოებას შუბლში ესროლა.

რა გვაჩვენა ამ არჩევნებმა: თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინსტიტუტების სრული კონტროლით, თანამედროვე ტექნიკური რესურსის გამოყენებით და შემაკავებელი მექანიზმების არარსებობით, ივანიშვილის ხელში აღმოჩნდა იარაღი, რომელიც მას საზოგადოების თავისუფალი ნების ტოტალური კონტროლისა და მართვის, მათ შორის, უპირველესად, არჩევნებში სასურველი შედეგის დაწერის საშუალებას აძლევს.

მეორეს მხრივ, ამავე არჩევნებმა მიგვანიშნა, რომ დიდი ქალაქებში მოსახლეობა მაინც ახერხებს საკუთარი ნების გამოხატვას, რომლის არსებული რეპრესიული მექანიზმით მართვა და ხელისუფლებისთვის სასურველ საარჩევნო შედეგში გადათარგმნა უკიდურესად რთული და სულ უფრო შეუძლებელი ხდება. სტატუს კვოს შენარჩუნების პირობებში, იგივე მექანიზმებით ოცნება ნებისმიერი შემდეგი საპარლამენტო არჩევნების მოგებას, რომელიც სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, ვეღარ მოახერხებს.

ამიტომაც მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება სტატუს კვოს შეცვლას და კონტროლისა და გავლენის მექანიზმების კიდევ უფრო გაფართოებას შეეცდება. ივანიშვილს წითელი ხაზები არ აქვს. თუმცა, აქ ერთი სერიოზული პრობლემაცაა" 

დემოკრატიის დამახასიათებელი მორიგი წითელი ხაზების გადაკვეთას ღარიბაშვილის უპირობო მონობა და სწორხაზოვნება, ანუ მისი თუნდაც დროებით პრემიერად შენარჩუნება სჭირდება, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების მინიმალური სტანდარტებითაც კი შენარჩუნებას შეუძლებელს გახდის.

მეორეს მხრივ, ოპოზიციაც ხვდება, რომ არსებული სტატუს კვო მისთვისაც მიუღებელია.

ხელისუფლება სწრაფადვე დაიწყებს დემოკრატიის ნარჩენების სრულად შემზღუდავი გეგმის რეალიზებას და თუ ვითარება დროზე არ გადატყდა და სამართლიან არჩევნებამდე არ მივიდა, ოცნება ადვილად მოახერხებს, ამომრჩევლის ნებაზე გაზრდილი კონტორლის პირობებში შემდეგი არჩევნები უკვე სრულ ფორმალობად აქციოს. სააკაშვილის შიმშილობის ფაქტორთან ერთად ამიტომაც ჩქარობს ოპოზიცია და მასობრივ აქციებს აანონსებს. რაც სწორია, თუმცა ისიც გასათვალიწინებელია, რომ მასშტაბური თუ მცირე ზომის აქციები ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში უცხო არაა და მათ მიმართ ხელისუფლებებმა იმუნიტეტი უკვე გამოიმუშავეს.

გადაკეტილ ქუჩებს თუ პარალიზებულ რუსთაველს ხელისუფლების ფუნქციონირება და მმართველობითი სისტემა წყობიდან ვერ გამოჰყავს და ვერც ივანიშვილს უქმნის ყოველდღიურ დისკომფორტს.

საჭიროა პროტესტის ახალი, მრავალფეროვანი ფორმები, უფრო მაღალი ტემპი და მაქსიმალური მასშტაბები იმისთვის, რომ სახელისუფლებო და საპოლიციო რესურსი მათ კონტროლს ვერ გაწვდეს. ოპოზიციამ უნდა მოახერხოს ოლიგარქის მართვის პულტის წყობიდან გამოყვანა, რის შემდეგაც ხელისუფლება სიტუაციაზე უპირობო კონტროლს ვეღარ შეძლებს, რაც უკვე გარდაუვლად ნიშნავს ახალ არჩევნებს.

2012 წლისგან განსხვავებით, დღეს პირველად, მორალური და რიცხობრივი უპირატესობაც უკვე ოპოზიციის მხარესაა. ციხეში მოშიმშილე სააკაშვილი თავგანწირვის მაგალითს იძლევა, ივანიშვილი კი ამ დროს უბრალოდ იმალება. ოპოზიციის უპირატესობას აძლიერებს საერთაშორისო ფაქტორიც. ეუთოსა თუ ევრონესტის პირველადი შეფასებები უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ არჩევნების შედეგი საზოგადოებამ უბრალოდ არ მიიღოს.

ამ დროს კი ხელისუფლება სააკაშვილის სიცოცხლის უფლებისადმი უკიდურესად ცინიკური და არაადამიანური მიდგომით მოვლენების ფორსირებას ახდენს და ოპოზიციას რადიკალური ნაბიჯებისკენ უბიგებს. თუ ვითარება დროზე არ განიმუხტა, რუსთაველზე მდგომი სიკვდილის პირას მისული მე-3 პრეზიდენტის და ზოგადად ოპოზიციის ათი ათასობით მხარდამჭერის კონტროლი უბრალოდ შეუძლებელი გახდება, რამაც შესაძლოა სრულ კატასტროფამდე მიგვიყვანოს.

ამიტომაც, ხელისუფლების მხრიდან ცეცხლთან თამაშის ნაცვლად ერთადერთი სწორი ნაბიჯი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ვითარების დროებითი დამშვიდება იქნება. ასე მოიქცეოდა გონიერი და საკუთარი ქვეყნის მოყვარული პასუხისმგებლიანი მთავრობა. მაგრამ სად გვყავს რომ ასეთი. საფუძველი, რაზეც ოლიგარქის რეჟიმი დაშენდა - ტერორზე, დაშინებაზე, დაპირისპირებაზე, სიძულვილზე, უკიდურეს სიღარიბეზე, კორუფციაზე, საერთაშორისო იზოლაციასა და კრემლთან ლოიალურობაზე დგას. თუმცა კიდევ არის ერთი რამ, რითაც ივანიშვილის მმართველობა ისტორიაში შევა - ესაა სიხარბე და დაუნდობლობა! ამიტომაცაა მათზე ალალი ძალაუფლების ხამები ვუწოდოთ.


close დახურვა