logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: „აალებადი“ დემოკრატია

12 ოქტ 202221:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/12/yzfaa9ltr08sscp.jpg

ქართული დემოკრატია ისეთი „დამუხტულია“, გადახურებისგან აალებადი და ფეთქებადი გახდა.

ქვეყნის მასშტაბით ერთადერთ ოპოზიციონერ მერს მანქანა დაუწვეს. გამოძიება ჯერ სხვისი ქონების დაზიანების კვალიფიკაციას ვერ გასცდა, მეტიც - ყვითელი ლენტიც ვერ გაიმეტეს დანაშაულის ადგილის შემოსასაზღვრად.

წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა მსგავსი რამ ივანიშვილის რომელიმე მანქანას რომ მოსვლოდა. როგორ დაიწყებდა ქართული სამართალდამცავი სისტემა ყვითელი ლენტების ეკონომიას და რამდენად თავშეკავებული იქნებოდა დანაშაულისთვის სახელის დარქმევაში.

მაგრამ ეს ხომ დღევანდელი საქართველოა: აალებადი დემოკრატიის ქვეყანა, სადაც თვითმმართველობის არჩევნებში წაგებული ქალაქების მერიები თუ საკრებულოები ცენტრალურმა ხელისუფლებამ ყველა მეთოდის გამოყენებით ან დაშალა, ან დააშანტაჟა, ან სრულად ქმედითუუნარო გახადა და საზოგადოების საარჩევნო ვერდიქტის ფეხებზე დაკიდებით, ბალანსი სათავისოდ შეცვლა.

ხარჩილავა და წალენჯიხა დღეს სუნთქვაგაჩერებული ქართული დემოკრატიის სუსტად, მაგრამ ჯერ კიდევ მფეთქავი გულია. ამ გულის გარშემო მთელი ქართული დემოკრატიული ფრონტი უნდა ერთიანდებოდეს.

ოცნებამ იცის, რომ ერთი პატარა თვითმმართველობის პრეცედენტის დატოვებაც კი, მახინჯ კლეპტოკრატიულ სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. ამიტომ, ისიც ისე უნდა მოაშთონ, როგორც შუაღამისას, სახალხო მერის ცეცხლმოკიდებული მანქანის ჩასაქრობად მოსული სახანძრო აქრობდა აალებული ავტომობილის ცეცხლის ნარჩენებს.

ასე მოქცევა არა ძლიერი - მზაკვარი მტრის მეთოდია: რასაც ღიად ვერ აღწევს - შიშის დანერგვით მიიღოს. როგორც ერთი ღვთისმეტყველი განმარტავს: „გამბედაობა არ არის შიშის არარსებობა, არამედ განსჯა, რომ რაღაც სხვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შიში“.

მთელ წალენჯიხას და არამარტო მის სახალხო მერს აქამდეც არაერთხელ დაუმტკიცებია რომ შიშზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი პრინციპების ერთგულია. ამ ღირებულებს შეეწირა სიცოცხლე წალენჯიხელმა ვაჟკაცმა ედიშერ კვარაცხელიამ, რომელმაც მტერთან ჯერ 2008 წელს იომა, 2014 წლიდან კი უკრაინაში იბრძოდა და 2 დღის წინ დაბომბვას ემსხვერპლა. ეს ღირებულებებია სწორედ, რასაც ასე ველურად ებრძვიან მერის მანქანისთვის ცეცხლის წამკიდებელი და აალებადი დემოკრატის ავტორები.


close დახურვა