„ყველაზე ცუდი და ამაზრზენი არის ის, რომ კამათს პოლიტიკური სარჩული ედება“, - ასე გამოეხმაურა ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი გიორგი კავკასიძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას, რომელმაც აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული გააკრიტიკა.
როგორც კავკასიძემ „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, ისეთი საკითხები, როგორიც გარკვეული მედიკამენტებით მკურნალობას უკავშირდება, მეცნიერული კამათის საფუძველი უნდა იყოს და არა პოლიტიკური.
„იმდენად სპეციფიური ინფორმაცია ვრცელდება, რომ ბევრი ვერ იგებს ვინ ამბობს სიმართლეს, ვინ ტყუილს, მიდის გადამოწმება და ყველაზე ცუდი და ამაზრზენი არის ის, რომ ამ კამათს ედება პოლიტიკური სარჩული, რომელიც წესით და კანონით, უნდა იყოს მეცნიერული და არა პოლიტიკური. მოუსმინეთ ბატონ თენგიზ ცერცვაძეს და ნახეთ რას ლაპარაკობს. არადა ჩემი აზრით, ეს არის სუფთა მეცნიერული კამათი, როდესაც არგუმენტირებულად უნდა ხდებოდეს პოზიციების დაცვა“, - განაცხადა გიორგი კავკასიძემ.
ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძესა და აშშ-ში მოღვაწე ექიმ ზურაბ გურულს შორის კამათის მიზეზი სამკურნალო პრეპარატი პლაქველინი გახდა. გურულმა განაცხადა, რომ ასიმპტომური პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია ეს პრეპარატი და ამის მიუხედავად, საქართველოში იყენებენ. ცერცვაძემ ინფორმაცია უარყო და გურული პოლიტიკურ ანგაჟირებულობასა და სიცრუეში დაადანაშაულა. მოგვიანებით ზურაბ გურულმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა.