„ფორმულასთვის“ ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ინფორმაცია „ფორმულას“ კორესპონდენტმა პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან მოიპოვა.
ჯერჯერობით არ კონკრეტდება რომელ ოლქზეა საუბარი. მოლაპარაკებებს მხარეები კვირის ბოლოს დაასრულებენ.
„ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე და „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობენ, რომ გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ, სადაც მისი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი შეხვედრებს გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს მართავს. მარგველაშვილმა „ფორმულას“ დაუდასტურა, რომ ის ნამდვილად ესაუბრება ოპოზიციონერ დეპუტატებს თუმცა სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს.
ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მნიშვნელოვანი ძალა იქნება.
„ფორმულასთვის“ ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ გაერთიანება „ლელოში“ მისვლას არ აპირებს.
„ჩვენ გვქონდა მეგობრული შეხვედრა. მიმოვიხილეთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება. ყველა მისი მოსაზრება ჩემთვის მისაღები იყო. კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე არ ყოფილა საუბარი. ის აპირებს აქტიურად მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. მჭიდრო კოორდინაციაში აპირებს იყოს ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან“, - განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, კი ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებული კრიზისზე და ამ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრეს. მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილის პროცესში ჩართვა პოზიტიურად იმოქმედებს.
„ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ერთნაირად ვაფასებთ კრიზისს, ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან და რა ნაბიჯები გადავდგათ. ვთვლი რომ მარგველაშვილის ჩართვა ამ პროცესში იქნება პოზიტიური. დანარჩენი დეტალები თუ საერთო საქმეს გააფუჭებს ჯერ არ გახდება ცნობილი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.