logo
ENG



გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების თხოვნით უწყებებს მიმართა

20 დეკ 202113:20
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების თხოვნით პენიტენციურ სამსახურს, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა. იგი წერილში განმარტავს, რომ სურს მიხეილ სააკაშვილთან განიხილოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიცირებული "შერიგების პროცესი". 

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს ბატონ ნიკა ცხვარაშვილს საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბატონ მუხრან ბურჭულაძეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ თამარ გაბუნიას.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემს საჯარო განცხადებებში გამოვხატე სურვილი შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ განვიხილო საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული შერიგების პროცესი.

სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ, გთხოვთ, გამონაკლისის სახით, დამრთოთ ნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოვინახულო საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი", - წერია გიორგი მარგველაშვილის მიმართვაში. 

მანამდე, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და სხვა თემებთან ერთად, განიხილა ინიციატივა "ეროვნულ თანხმობაზე".

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.

ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.


close დახურვა