logo
ENG



გიორგი მგელაძე: ამას მედია აღვიქვამთ მუქარად და ზეწოლად

22 დეკ 201914:48
3 წუთის საკითხავი
 
3r47g40e4hqftq6.jpg

„ამას მედია აღვიქვამთ მუქარად და ზეწოლად“, - ასე ეხმაურება მამუკა მდინარაძის ინიციატივას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მგელაძე.

მედიასექტორში თავისუფალი სიტყვისადმი მუქარას უწოდებენ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას იმის შესახებ, რომ მთავრობა მზადაა, დეზინფორმაციას რეგულაციებით ებრძოლოს.

„ამას მედია აღვიქვამთ მუქარად და ზეწოლად. ყველა შეთანხმებულია, რომ კანონმდებლობას პრობლემა არ აქვს. რაც შეეხება მათ მათ თითქოს კეთილ მიზანს, ებრძოლოს დეზინფორმაციას - მას უნდა ვებრძოლოთ სწორი ინფორმაციით, ხოლო პირველი, ვინც საჯარო ინფორმაციას მალავს, არის თავად ხელისუფლება“, - აცხადებს გიორგი მგელაძე.

მედიაექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ინიციატივის მასშტაბები გაზარდა - თუკი ადრე საუბარი იყო მედიასაშუალებების რეგულირებაზე, ახლა სოციალურ ქსელში მოქალაქეების ანგარიშებზე დაიწყო შეტევა.

„რეგულაციის შესახებ განცხადებები არ არის ახალი, მაგრამ იძენს ახალ მასშტაბებს. აქამდე თუ გვესმოდა მაუწყებლების რეგულაციის შესახებ, ახლა თურმე მოქალაქეების ანგარიშებზე უნდა გადავიდეთ. რა გამოდის, რომ მასშტაბები გაზარდეს? ეს უარესია“, - ამბობს ნათია კუპრაშვილი.

არასამთავრობო სექტორში კი ფიქრობენ, რომ მთავრობა ამ შესაძლო რეგულაციებს ისევ მედიისა და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენებს.

„ცხადია, ხელისუფლება არ დააჯარიმებს საკუთარ თავს. ეს იქნება გამოყენებული კრიტიკული აზრის შესაზღუდად, ტელევიზიების შესაზღუდად. ამ გამოწვევების ადეკვატური პასუხი არის მეტი გამჭვირვალება ფინანსებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეისბუკმა სწორედ ფინანსებთან დაკავშირებული მასალა გამოაქვეყნა“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მამუკა მდინარაძე „ფეისბუკის“ მიერ ასობით ქართული ანგარიშის წაშლას გუშინ ფეისბუკპოსტით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობაში არის მზადყოფნა, დაიწყოს ინტერნეტში არასწორი ინფორმაციის გავრცელების რეგულირება.

 


close დახურვა