logo
ENG



გიორგი რურუა: დროა, ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს

13 მაი 202111:32
3 წუთის საკითხავი
clock 1279
გიორგი რურუა: დროა, ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს

მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა აცხადებს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. გიორგი რურუა ფეისბუქზე წერს, რომ დეპუტატების პარლამენტში შესვლა მნიშვნელოვანია, რადგან მისაღებია საკანონმდებლო ცვლილებები.

"ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია პარლამენტის მუშაობაში ჩაერთოს ყველა დეპუტატი, მისაღებია უმნიშვნელოვანესი ცვლილელები, მათ შორის საკონსტიტუციო, რასაც სრულყოფილი წარმომადგენლობა სჭირდება პარლამენტში. დრო ახლა ცვლილებების საწინააღმდეგოდ მუშაობს. დროა ენმ-მა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს", - წერს გიორგი რურუა.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ პარტიაში ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. მელია ადასტურებს იმასაც, რომ ამ თემაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. 

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა.

შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა ენმ-სთვის. პარტიიდან წინადადებას მხოლოდ სალომე სამადაშვილი დათანხმდა, შემდეგ კი ენმ ფაქტობრივად დატოვა. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა, შევიდეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს. 

ენმ-სთვის, მათ შორის, ნიკა მელიასთვისაც მიუღებელია ამნისტიის ნაწილი, რომელიც მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა. 

წინადადებაში წერია, რომ "შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს". 

2 საქმე გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეებს მოიაზრებდა. რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა, მელია კი ციხიდან ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. 


close დახურვა