გიორგი რურუა ისევ პატიმრობაში რჩება. დღევანდელი პროცესი ისე დასრულდა, რომ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა არც ბრალდების მხარეს და არც ადვოკატებს დაუყენებიათ. დღევანდელ სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. რურუა პროცესზე სიტყვითაც გამოვიდა და მოსამართლეს მიანიშნა, რომ სასამართლოც და ბრალდებულიც „ქართული ოცნებების“ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ არიან.
„ჩემი დაკავება კი არ უნდოდათ, ჩემთვის უნდოდათ იარაღის ჩადება, რაც გააკეთეს. კიდევ ერთხელ მინდა შევეხო ქართული ოცნების მხრიდან ზეწოლას, რომელიც ხორციელდება ჩემზე და თქვენზე. მაინტერესებს არის თუ არა ჩემი პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული საქმე“, - განაცხდა გიორგი რურუამ.
გიორგი რურუას უფლებადამცველები ამბობენ, რომ გიორგი რურუა პრობლემას მხოლოდ ქართული ოცნებისთვის წარმოადგენს. დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე გამოკითხული პოლიციელები, დაცვის მხარის განცხადებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პოლიციელები ცრუობენ და აყალბებენ ნივთმტკიცებებს.
„დღეს დაიკითხნენ პირები, რომლებმაც გიორგი რურუასგან ამოიღეს იძულებით მისი ნივთები, თუმცა დოკუმენტები, რომლებიც ასახავდა და სადაც საგამოძიებო მოქმედება უნდა დაფიქსირებულიყო, გაყალბდა და ამ გაყალბების დამადასტურებელი ვიდეოც და ოქმებიც არსებობს. პირადი ნივთების ნაწილი ბრალდებამ მოხსნა საკუთარი მტკიცებულებათა ნუსხიდან, შესაბამისად ის არ უდევს საფუძვლად გიორგი რურუას ბრალდებას, თუმცა ამით დასტურდება პოლიციელების მხრიდან დოკუმენტების გაყალბება“, - განაცხდა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.
მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.