„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა ამ დრომდე პატიმარია. რურუას დღევანდელი სასამართლო პროცესი ბრალდებულის მიმართვით დაიწყო. მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და საკუთარი პოზიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებით დაასაბუთა, რომელშიც ირაკლი კობახიძე რურუას პოლიტიკურ კრიმინალს უწოდებს.
პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლეს ახალი მტკიცებულების გამოთხოვის შუამდგომლობით მიმართა. გიორგი რურუა აცხადებს, რომ დაკავებისას მას საერთოდ არ უნახავს გამომძიებელი გიგა დარსაველიძე, რომელიც სასამართლომ 27 მაისს დაკითხა. დარსაველიძე ამტკიცებს, რომ რურუას ჩხრეკის და დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა - ბრალდებულის ადვოკატები კი ამტკიცებდნენ, რომ დარსაველიძე შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ამის დასადასტურებლად კი გამომძიებლის მობილური ნომრის მიხედვით სატელეფონო ანძებიდან ამონაწერის მიღებას მოითხოვდნენ. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შემდეგ დაცვის მხარემ მოსამართლე ტენდენციურობაში დაადანაშაულა და აცილება მოითხოვა, მოთხოვნას ბრალდებულიც იზიარებდა. მოსამართლემ პირველი შუამდგომლობის მსგავსად არც ეს დააკმაყოფილა.
რურუას სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. საქალაქო სასამართლოში მოწმემ თქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებაში საკუთარი სურვილით ჩაერთო. გაიხსენა რომ მისი კოლეგა, გიგა დარსაველიძე დაკავების ოქმს პოლიციის სამმართველოში ავსებდა, ბერუაშვილმა გიორგი რურუას ავტომობილის ჩხრეკა მოსამართლის განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა.
გიორგი რურუას საქმის განხილვა ოთხშაბათს, 3 ივნისს განახლდება. მხარეები პროკურატურის მოწმეებს დაკითხავენ, მათ შორის გამომძიებელი ვახტანგ დაბრუნდაშვილი იქნება.