გიორგი რურუა სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მოწმეები დაიკითხნენ. როგორც გიორგი რურუას ადვოკატი აცხადებს, პოლიციელმა რომელიც თავად ესწრებოდა ჩხრეკას, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.
სასამართლო სხდომაზე სიტყვით გიორგი რურუა გამოვიდა. მისი თქმით, ყველა ის მტკიცებულება, რაც საქმეში დევს გაყალბებულია და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი.
რურუას ადვოკატი აცხადებს, რომ დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა - ჩხრეკა საერთოდ არ ჩატარებულა და ოქმში შეტანილი ნივთები საერთოდ არ ამოუღიათ.
„ეს ადამიანი გვიყვებოდა, რა ნივთები ამოიღეს რურუასგან, როცა საერთოდ არ ჩატარებულა ჩხრეკა. ამოღებულ ნივთებში დაგვისახელა ტელეფონი და საფულე და თქვა, რომ სხვა ნივთი არ ჰქონია, მაშინ როცა ოქმში წერია პარალონიც", - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
პროკურორი კი აცხადებს, რომ მოწმემ დაადასტურა ჩხრეკის ნამდვილობა.
„მოწმემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების ნამდვილობა - ნამდვილად ჩატარდა ჩხრეკა, ამოღებულ იქნა იარაღი და დაკავებულ იქნა ბრალდებულის სტატუსით", - აცხადებს დავით კიკაჩეიშვილი.
შემდეგი სასამართლო სხდომა 18 მარტს დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ სასამართლო გიორგი რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.