მარნეულში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც საჩხერე-ჭათურის გზის მშენებლობაზე მუშაობდნენ, საჩხერის საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს. აქედან რამდენიმეს ცხელება აღენიშნება და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, მათ მარნეულში ინფიცირებულ ქალთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონიათ, თუმცა პრევენციის მიზნით ისინი მაინც კარანტინში გადაიყვანეს.
„წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმიდან თითქმის ასამდე ადამიანს უმთავრდება ინკუბაციის პერიოდი და ისინი გაემგზავრებიან სახლში. მარნეულიდან ჩამოსული პირები, რომლებიც ახორციელებენ საგზაო-სამშენებლო სამუშაოებს იმერეთის სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის საჩხერე-ჭიათურის მონაკვეთში, ამ ადამიანებზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და ვაკონტროლოთ და მივაქციოთ ყურადღება“, - განაცხადა გიორგიძემ.
ამავდროულად, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელიბის მდგომარეობა, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს, საშუალო სიმძიმისაა. მას ორმხრივი პნევმონია აქვს. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში ორი დღის წინ შეიყვანეს. მას ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 66-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 9 პაციენტი.
ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.