logo
ENG



გირჩი-დროა ენმ-ზე თავდასხმაზე: კრემლის მეთოდები უძლურია, შეუძლებელია პროტესტის ჩახშობა

01 ივნ 202420:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/01/veng0r6zqdnq3pt.jpg

გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტია ისტერიაშია.

როგორც განცხადებაში ნათქვამი, "კრემლის მეთოდები უძლურია და შეუძლებელია ამ გზით პროტესტის ჩახშობა".

"სასოწარკვეთილი და ისტერიაში მყოფი ქართული ოცნება კრემლის მიერ ნაცადი მეთოდებით ცდილობს პოლიტიკურ ოპონენტებთან და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან ანგარიშსწორებასა და მათ დაშინებას. ამის ნათელი დემონსტრირებაა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმა და დარბევის მცდელობა. სადარბაზოებთან ფიზიკური ანგარიშსწორება, აქციის მონაწილეების ცემა, კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების დარბევა, მუქარის ზარები - ეს ყველაფერი დაშინების სტრატეგიის ნაწილია, თუმცა ამ ყველაფერს საზოგადოებამ უპასუხა უპრეცედენტო ერთობით და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ კრემლის მეთოდები უძლურია და შეუძლებელია ამ გზით პროტესტის ჩახშობა.

ხელისუფლების თითოეული სასოწარკვეთილი ნაბიჯი კიდევ უფრო გვაახლოებს რუსული რეჟიმის დასრულებასთან. სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას თუ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც რუსული რეჟიმის რეპრესიის სამიზნეა. ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ვიმუშავებთ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებაზე, მათი და დამკვეთების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ყველა საერთაშორისო პარტნიორს", - წერია განცხადებაში. 

***

ენმ-ს ცენტრალურ ოფისს რამდენიმე ათეული ადამიანი გასულ ღამეს დაესხა თავს. მათ მინები ჩაამსხვრიეს და პარტიის ინვენტარი დააზიანეს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელები ოფისში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. როგორც ცნობილია, თავდასხმის დროს ოფისში თანამშრომლები, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი და მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.


close დახურვა