logo
ENG



გირჩი - მეტი თავისუფლება: მხარდაჭერა სამხარაძეს, ივანიშვილის რუსული მთავრობა ყველას მიადგება

27 მარ 202300:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/27/mthnlcgycd4d1fe.jpeg

გირჩი - მეტი თავისუფლება ტელეწამყვან თათია სამხარაძეს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ "ივანიშვილის რუსული მთავრობა ყველას მიადგება".

"სრული მხარდაჭერა, სოლიდარობა და გვერდში დგომა თათია სამხარაძეს.
ივანიშვილის რუსული მთავრობა ყველას მიადგება. არამარტო მათ, ვისგანაც საფრთხეს გრძნობს, არამედ მათაც, ვისი გაშავებითაც თავის მცირე რაოდენობის იდიოტ და მოძალადე მხარდამჭერებს გამოკვებავს.

დღეს, მთელი ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტები, თათია სამხარაძეს არამხოლოდ აშავებენ, არამედ ფიზიკურად და კანონის უსამართლო გამოყენებით, მასზე ძალადობენ იმისათვის, რომ გადაფარონ გარყვნილი პროპაგანდონის უღირსი საქციელი", - ნათქვამია განცხადებაში.

იქამდე სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს. სამხარაძემ ამის საპირისპიროდ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.

ვიდეო

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."

სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.

თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.

ბოლო დღეების განმავლობაში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.


close დახურვა