logo
ENG



გირჩი - მეტი თავისუფლება: საპატრიარქოს ინტერესია, გაიწელოს ეფექტური თავდაცვის სისტემის შენება

12 დეკ 202216:49
3 წუთის საკითხავი
 
გირჩი - მეტი თავისუფლება: საპატრიარქოს ინტერესია, გაიწელოს ეფექტური თავდაცვის სისტემის შენება
ფოტო: ვახო ქარელი

გირჩი - მეტი თავისუფლება ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბიბლიური თავისუფლებასთან დაკავშირებულ დაანონსებულ ცვლილებებს და აღნიშნავს, რომ "ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური არის მოძველებული, უკიდურესად არაეფექტური და ძვირი სისტემა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქვეყნის თავდაცვა-უსაფრთხოებასთან".

პარტიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საპატრიარქოს ინტერესებშია ძვირადღირებული სისტემის შენარჩუნება, რათა ეფექტური თავდაცვის სისტემის მშენებლობა დროში გაიწელოს.

"დღეს ბიძინას მოურავმა დააანონსა, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც აღარ მისცემს შესაძლებლობას რომელიმე კონფესიას, გარდა მართლმადიდებლური ეკლესიისა, საკუთარი სასულიერო პირები დაიცვას ვითომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის, სინამდვილეში კი - სავალდებულო მონობისგან.

ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური არის მოძველებული, უკიდურესად არაეფექტური და ძვირი სისტემა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქვეყნის თავდაცვა-უსაფრთხოებასთან.

სწორედ ამ მიზეზების გამო, უკრაინამ, რომელიც ამჟამად ეფექტურად იბრძვის რუსეთის დედააფეთქებული იმპერიის წინააღმდეგ, ომის პირობებში გააუქმა სავალდებულო სამხედრო სამსახური.

ამ სამსახურის ეფექტურობის გაზრდაზე საუბარი დე-ფაქტო ხელისუფლებისგან, რომელსაც ეშინია ქვეყნის 20%-ის მიმტაცებელს დაუძახოს მტერი, ეშინია რუსეთის წინააღმდეგ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმროს და რომელიც უკრაინაში მებრძოლებს ემუქრება მოქალაქეობის ჩამორთმევით, არის უკიდურესი ცინიზმი და თავხედობა.

ერთადერთი ვისაც მთელი ეს წლები ყელში ეჩხირებოდა კანონმდებლობაში სპეციალურად მისთვის გაწერილი პრივილეგიის სხვა კონფესიის მიერ გამოყენება, არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო, რომელიც წარმოადგენს რუსეთის რეზიდენტურის მთავარ ცენტრს ამ ქვეყანაში და რომლის ინტერესებშიცაა საქართველომ შეინარჩუნოს ეს არქაული და ძვირადღირებული სისტემა, რათა მაქსიმალურად დროში გაიწელოს ეფექტური თავდაცვის სისტემის მშენებლობის დაწყება.

განსხვავებით სხვა პარტიებისგან, Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება ყოველთვის ითხოვდა და ახლაც ითხოვს თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებასა და პროფესიონალური, მაღალტექნოლოგიური, ძლიერი არმიის შექმნას.

საქართველოს სჭირდება არმია, რომელიც შედგება სამხედრო საქმით დაინტერესებული და მოწადინებული ადამიანებისაგან და არა იმ ხალხისგან, რომლებიც საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ მიჰყავთ.

თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის უნიკალური და ამ სიცოცხლის თითოეული წამი არის მისი და მხოლოდ მისი საკუთრება. ამას ბიძინას მონები ვერასოდეს გაიაზრებენ. ამიტომ მათ უნდა წავართვათ ძალაუფლება"- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ აღმოიფხვრება ის "საკანონმდებლო ხარვეზი" და "გამოირიცხება არაკეთილსინდისიერი, ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა", რომლის მეშვეობითაც, პრემიერის თქმით, "გირჩი" ახალგაზრდებს ჯარიდან თავის არიდების საშუალებას აძლევდა.

ღარიბაშვილის თქმით, ეს საკითხი საპატრიარქოსთან განიხილეს.


close დახურვა