გირჩი გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა, რასაც ქართული ოცნება მხარს უჭერს. გირჩს სურს, ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნას მიღებული.
როგორც უმრავლესობის დეპუტატი, ბექა დავითულიანი ამბობს, პარტიები ამ საკითხზე უკვე შეთანხმდნენ, სანაცვლოდ კი, გირჩისგან მიიღეს თანხმობა, ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას ისინი "მის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე ორიენტირებული და არ იქნება გამოყენებული გარკვეული პირადი, პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის".
"შედგა უმრავლესობის ლიდერსა და ბატონ იაგოს შორის კომუნიკაცია და პრინციპს ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ეთანხმება უმრავლესობა. ასევე, ეთანხმება დაჩქარებულ წესსაც. ფრაქციის და უმრავლესობის პოზიცია ასეთია. სამაგიეროდ, გირჩის მხრიდან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის არჩევას, აქ ისინი იქნებიან მის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე ორიენტირებული და არ იქნება გამოყენებული გარკვეული პირადი, პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის", - ამბობს დავითულიანი.
ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე მხარდაჭერისკენ ოპოზიციასაც მოუწოდა.
"არსებული რეალობით გამოდის, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ქალების ჩაგვრა გვქონდა მოწყობილი ოდესმე ამ ქვეყანაში, ან წარსულში და ეს არის ჩვენი წინაპრების უპატივცემულობა, ან დღეს გვაქვს ქალთა ჩაგვრა მოწყობილი. მივიღეთ ეს კანონი თან ისე, რომ არ იყო დასახელებული არცერთი პოლიტიკოსი, რომელმაც შეავიწროვა სხვა პოლიტიკოსი ქალი და ამის გამო, თითქოს საჭიროება გვქონდა ამისი. მინდა, ოპოზიციასაც ვთხოვო მხარდაჭერა", - თქვა ხვიჩიამ.
გირჩის ინიციატივას გამოეხმაურნენ ოპოზიციაში. ევროოპტიმისტების წევრის, რომან გოცირიძის თქმით, გირჩმა ხელისუფლების თამაში ითამაშა.
"სამარცხვინო რამ ხდება პარლამენტში. სულ ახლა ბიუროზე, ქართული ოცნება დათანხმდა გირჩის ინიციატივას და უქმდება ქალთა კვოტები, როცა სიაში ყოველი მეოთხე უნდა ყოფილიყო ქალი. მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით ოცნების ფულიანმა კაცებმა დაკარგეს პარლამენტში მოხვედრის შანსი. ამიტომ, ქალთა კვოტის გაუქმებით, კვლავ გამოთავისუფლდება მათთვის ადგილები. სიაში ფულიანი, მორჩილი და ყველაფერზე ხელისმომწერი თუ ხელისამწევი კაცების მოხვედრის სანაცვლოდ, ისედაც დაჩაგრული ქალები კიდევ უფრო დაჩაგრეს", - წერს რომან გოცირიძე.
"გილოცავთ, უფრო ბევრი ფულიანი კაცი იქნება სიაში, ვიდრე უფულო, თუნდაც ჭკვიანი ქალი", - ასე გამოეხმაურა ევროოპტიმისტების კიდევ ერთი წევრი, ხატია დეკანოიძე გირჩის ინიციატივას.