logo
ENG



გირჩის თანადამფუძნებელი გოგა ხაჩიძე მხარდაჭერას ჯაფარიძეს უცხადებს

04 დეკ 202015:08
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/04/ub8ru1z7i8majyw.jpg

პარტია გირჩის თანადამფუძნებელი, ყოფილი პარლამენტარი გოგა ხაჩიძე ზურა ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს და პარტიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. 

ხაჩიძე წერს, რომ ზურა ჯაფარიძე პარტიიდან არაადამიანური მოქცევის გამო გაქცეული ადამიანების დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა არ აკონკრეტებს, რა ხდებოდა ამ ადამიანების პარტიიდან წასვლის მიზეზი. 

"გირჩი” იდეაა, უნიკალური იდეა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი, რა თქმა უნდა, შენ ხარ! ეს ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც. თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ სასაცილოა. მე ვიცი, რა პრობლემები იყო გირჩში; ისიც ვიცი რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ;

ვიცი, როგორ აგროვებდი, გირჩიდან არაადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს; ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ გირჩის მხარდამჭერებს. მესმის რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს...

ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას", - წერს ხაჩიძე.

დღეს ზურა ჯაფარიძემ Facebook-ის მსხვილ, დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ მეგრელიშვილთან, ხვიჩიასთან და რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტდა. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ჯაფარიძეს საჯარო განმარტება აღარ გაუკეთებია. 

პარტიის პრესსამსახურის მხრიდან პოსტის ავთენტიკურობის დადასტურების მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია, ვინ მიდის და ვინ რჩება პარტიაში. 

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარებასთან დაკავშირებით მისი პოზიცია ამ გადაწყვეტილების მხოლოდ საბაბია, რომლის უკანაც არ იცის, რა დგას. 

თავად ჯაფარიძემ თავისივე პოსტში განაცხადა, რომ ხვიჩიას განცხადება, რომელმაც სოციალურ ქსელში მწვავე რეაქცია გამოიწვია, მისი გადაწყვეტილების მიზეზი არ არის, თუმცა იქვე დასძინა, რომ გადაწყვეტილების მიზეზების საჯაროდ განხილვას არ აპირებს. 

პარტიის კიდევ ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ მათ საჯარო განცხადებების გაკეთებამდე პოზიციების შეთანხმება მოსთხოვა. მისი თქმით, გუშინ ორჯერ სცადა ჯაფარიძესთან ტელეფონით დაკავშირება, თუმცა მას საუბრის სურვილი არ ჰქონდა. 

"სტატუსის მერე ზურასთან არ დამირეკავს, რადგან გუშინ ორჯერ მითხრა უარი საუბარზე. ზურა ჯაფარიძესთან მხოლოდ საჯარო კომუნიკაცია მექნება ამიერიდან", - აღნიშნა მეგრელიშვილმა. 


close დახურვა