logo
ENG



გიული ალასანია პატრიარქს შეხვდა

13 ნოე 202112:02
3 წუთის საკითხავი
 

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. როგორც ალასანია ფორმულასთან ამბობს, შეხვედრის ინიციატორი თვითონ იყო.

 

მისივე თქმით, პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო და მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილის შეხვედრას არ დასწრებიან. 

"მე ვიცი, რომ მისთვის არაა სულერთი ჩემი შვილის მდგომარეობა და ჩემს შვილს ყოველთვის აქვს უწმინდესის იმედი. ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა ეს შეხვედრა. იყო პატრიარქი, სამღვდელოებთან ერთად, რომლებიც ზრუნავენ მასზე, ვილაპარაკეთ საერთოდ, ზოგადად, რომ საქართველოში როგორი ტრადიცია იყო, რომ სიცოცხლე ძალიან ფასობდა... ასეთი თემები", - ამბობს გიული ალასანია.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში ორჯერ მოინახულა. ორივე შეხვედრაზე ბოტკოველმა პატრიარქის მიმართვა გადასცა სააკაშვილს, რომ შიმშილობა შეეწყვიტა.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 44-ე დღეა, დაპატიმრებულია და შიმშილობს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და 10 ნოემბერს გამოსცა დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ექს-პრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი მოუწოდა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დაემორჩილება ECHR-ის გადაწყვეტილებას და შეწყვეტს შიმშილობას, თუ ასევე მოიქცევა ხელისუფლებაც და მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსილიუმი იზრუნებს. 

მიხეილ სააკაშვილის საკითხზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა. ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხი დასვა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ამავე დროს, ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს უარი უთხრა თხოვნაზე, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკრაინელმა ექიმებმა შეამოწმონ.


close დახურვა