logo
ENG



გოგა რაზმაძის ინფორმაციით, ომბუდსმენმა მისი საქმის წარმოება შეწყვიტა

30 ოქტ 202318:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/30/tjeof3f1p6upywi.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის გოგა რაზმაძის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა იმ საქმის წარმოება შეწყვიტა, რომლითაც რაზმაძე შს მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის უფროსს მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ედავებოდა.

როგორც რაზმაძე წერს, იოსელიანის მიერ საქმის შეწყვეტის დასაბუთება "სამარცხვინოა".

მისივე ინფორმაციით, იოსელიანმა საქმის შესწავლისას რაზმაძის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ასევე, არ გამოკითხა მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის მოწმე არცერთი პირი.

რაზმაძის განხადება:

"ივლისის თვეში, გენერალურ ინსპექციაში ჩემ მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობამდე 15 დღით ადრე სახალხო დამცველს შეხვედრა ვთხოვე. ბატონი ლევანი დამპირდა შეხვედრას, თუმცა ჩემთვის ვერ მოიცალა, რასაც მალევე ჩემი შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაბარება მოჰყვა ( ვერ/არ დამიცვა)

თუმცა, ჩემი საქმის შეწყვეტამდე სამი დღით ადრე (27 ოქტომბერს) სახალხო დამცველმა მოიცალა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან შესახვედრად, რომლის წინააღმდეგაც საქმეს განიხილავდა.

აღნიშნულ შეხვედრის რელიზში აღნიშნულია, რომ "ალექსანდრე დარახველიძემ და ომბუდსმენმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს." ამ შეხვედრიდან სამ დღეში, ჩემი საქმის შეწყვეტით ლევან იოსელიანმა და ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ნამდვილად აჩვენეს "მჭიდრო თანამშრომლობის" საუკეთესო მაგალითი.

რაც შეეხება საქმის შეწყვეტის დასაბუთების ნაწილს, სახალხო დამცველის აპარატის არსებობის ისტორიაში დისკრიმინაციის შემთხვევაზე მსგავსი სამარცხვინო დასაბუთება არასდროს დაწერილა.

სახალხო დამცველს გადაწყვეტილებაში აღნიშნული აქვს, რომ განმცხადებელს მხოლოდ ფაქტებისა და ინფორმაციის წარდგენა მოეთხოვება, რომელიც შექმნის ვარაუდს დისკრიმინაციის თაობაზე, რის შემდეგაც მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. თუმცა სახალხო დამცველმა მტკიცების ტვირთი ამ საქმეში მე - განმცხადებელს დამაკისრა.

სახალხო დამცველმა ამ საქმის შესწავლისას არ დააკმაყოფილა არც ერთი ჩემი მოთხოვნა/შუამდგომლობა. კერძოდ, არ გამოკითხა არც ერთი პირი, რომელიც ჩემი მითითებით იყო დისკრიმინაციის მოწმე, არ გამოითხოვა ინფორმაცია, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ამ საქმისთვის და რომლის გამოთხოვის კანონისმიერი შესაძლებლობა მე არ მქონდა.

გადაწყვეტილების "დასაბუთებისას" სახალხო დამცველმა გაითვალისწინა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის და დეპარტამენტის დირექტორისა, გიორგი ოსაძის პოზიციების 100%, რომელთა გასაბათილებლად წარვადგინე დაახლოებით 500 გვერდი უტყუარი მტკიცებულება, რომელთა 1%-იც არ გაიზიარა ლევან იოსელიანმა.

ამ გადაწყვეტილებით სახალხო დამცველმა ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო მინისტრის მოადგილეს და გენერალურ ინსპექციას ჩემს წინააღმდეგ შემდგომი რეპრესიების განხორციელების პროცესში.

სახალხო დამცველმა ამ გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს უთხრა, რომ არ აქვს აზრი სიმართლისთვის ბრძოლას და არასოდეს აიმაღლონ ხმა სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე. იმედი მაქვს, სახალხო დამცველი აცნობიერებს მისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას და იმ მსუსხავ შედეგს, რაც ამ გადაწყვეტილებას სამინისტროს სხვა თანამშრომლებისთვის შეიძლება ჰქონდეს.

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მინდა მივმართო ამ უკანონო და უსამართლო პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს - დანებებას არ ვაპირებ"- წერს რაზმაძე.

12 ივლისს გოგა რაზმაძემ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, Facebook-ზე გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც ისაუბრა სამინისტროში დისკრიმინაციის და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ მის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტზე.

გოგა რაზმაძის თქმით, 4 ივლისს, საგამოძიებო სამსახურს მიმართა და განცხადებაში აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დროულად დაწყებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა მტკიცებულებების (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) განადგურების თავიდან ასაცილებლად.

28 ივლისს, გოგა რაზმაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მისი საქმის გამოძიებაზე უარი თქვა.


close დახურვა