logo
ENG



გოგაშვილი: მამალაძე-ოხანაშვილს ილია II-ს მკვლელის იარლიყით თეთრუაშვილის ციხეში ჩასმა სურდათ

13 თებ 202123:26
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/13/y66ktk9icqoagir.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის სოსო გოგაშვილის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძესა და პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს ილია მეორეს მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი "სამიზნედ ჰყავდათ".

როგორც გოგაშვილი ტვ პირველთან ინტერვიუში აცხადებს, ე.წ. ციანიდის საქმემდე, პატრიარქის დაცვის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა მასთან შეხვედრა მოითხოვა, ხოლო შეხვედრაზე შორენა თეთრუაშვილის ტერორიზმის მუხლით დაკავება მოსთხოვა. კერძოდ, ოხანაშვილმა გოგაშვილს უთხრა, რომ შორენა თეთრუაშვილი თურქეთიდან გამოქცეულ 2 ტერორისტს იფარავდა და ისინი საპატრიარქოს კუთვნილ ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდნენ. გოგაშვილი ამბობს, რომ თეთრუაშვილის დაკავებაზე ოხანაშვილს უარი უთხრა, რადგან ის უდანაშაულო მიაჩნდა, ხოლო ხსენებული 2 ადამიანის თურქეთში დეპორტაცია განხორციელდა. 

"პროკურატურასთან ერთად გავიარეთ ეს საკითხი და უბრალოდ სასაცილო გახდებოდა სამსახურები, თუ ამას გააკეთებდა, და პლუს ეკლესიის დისკრედიტაცია იქნებოდა პირდაპირი. შეიძლება შეკერვა ეხერხებოდეს სამსახურებს რაღაც თემების, მაგრამ ვისზე "კერავ" საქმეს - უდანაშაულო ადამიანზე და პატრიარქის უერთგულესზე?! უარი ვუთხარით და მერე განაწყენდა ოხანაშვილი ჩვენზე...

შორენა თეთრუაშვილი მათ სამიზნედ ჰყავდათ და არა მარტო შორენა თეთრუაშვილი - მეუფეები, ქორეპისკოპოსები, რომლებიც მათ უშლიდნენ ხელს. მათ ჰქონდათ ძალიან დიდი გავლენა საპატრიარქოში. შემდეგ ამ ჯგუფმა მოქმედებები დაიწყო შორენას და მეუფეების წინააღმდეგ. მათ ჰქონდათ შექმნილი მითები, თითქოს შორენა იდგა რაღაც პედესტალზე და მითითებებს აძლევდა მეუფეებს - ასე არ არის", - ამბობს გოგაშვილი. 

ამასთან, მისივე მტკიცებით, მამალაძემ "მსგავსო სპეცოპერაციის ჩატარება" პირველად 2016 წელს, მოსკოვში სცადა, როდესაც პატრიარქი იქ ვიზიტით მიდიოდა. 

"მაშინ ბათუმში რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი იყო ჩამოსული, რომელსაც მამალაძე შეხვდა რესტორანში და განცალკევებით მოიხელთა, დაუწყო ლაპარაკი, რომ სჭირდებოდა ისეთი კატეგორიის ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც რუსეთში ერთი ქალბატონის განეიტრალებაში დაეხმარებოდნენ. ამ განეიტრალებაში რას გულისხმობდა, არ ვიცით", - ამბობს გოგაშვილი და აცხადებს, რომ ხსენებულმა ბიზნესმენა "საქმის შესაძლო შეკერვის შიშით" საქართველო მეორე დღესვე დატოვა. 

გოგაშვილის თქმით, სპეცოპერაციის გეგმის მიხედვით, ისინი მოაყრიდნენ ციანიდს პატრიარქის საჭმელს, რომელსაც ილია მეორესთან შორენა თეთრუაშვილი შეიტანდა. 

"შეტანის მომენტში მას ეცემოდნენ ხელებში კამერების თანდასწრებით და ეტყოდნენ, რა მიგაქვსო? ეს ეტყოდა, რომ საჭმელი შეჰქონდა პატრიარქთან. დაიდგმებოდა სცენები, გამოიძახებდნენ კლინიკის დაცვას, ეტყოდნენ რა განზრახვა ჰქონდა ამ ადამიანს. მოვიდოდა ბერლინის პოლიცია, ჩაერთვებოდა საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვრებს გარეთ, ევროპულ ქვეყანაში დააკავებდნენ "პატრიარქის მკვლელ" შორენა თეთრუაშვილს. შორენა თეთრუაშვილი წავიდოდა ციხეში პატრიარქის მკვლელის იარლიყით, ისინი გახდებოდნენ გმირები, რომ პატრიარქი გადაარჩინეს - გმირები ჩამოდიან, პატრიარქი დაიცვეს, მოაშორეს მეუფეების მბრძანებელი შორენა თეთრუაშვილი და თვითონ ჩამოდიოდნენ ძალიან ძლიერები", - აცხადებს სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი. 

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის 2017 წელს, თბილისის აეროპორტში დააკავეს. თავდაპირველად იყო ვერსია, თითქოს დეკანოზი მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ განაცხადა, რომ სასულიერო პირს თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


close დახურვა