გოგაშვილის ფაილების საქმეზე პროკურატურაში ISFED-ის დირექტორსაც გაესაუბრნენ.
ნინო დოლიძე საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
საქმე სოსო გოგაშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიწოდებულ მასალებს ეხება, რომლითაც მმართველი პარტიის მიერ არჩევნების გაყალბება დასტურდება. NGO-ებმა მასალები გადაამოწმეს და დაასკვნეს, რომ "კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები, საარჩევნო და პარტიული მიზნებით გამოყენება".
პროკურატურაში შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო დოლიძემ თქვა, რომ გამოძიების კითხვები ძირითადად იმას ეხებოდა, თუ როდის და რა ფორმით გადასცა NGO-ებს მასალები სოსო გოგაშვილმა. დოლიძის თქმით, გამოძიება ასევე დაინტერესდა, როგორ მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მასალების შესწავლის დროს.
"მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი ორგანიზაციები ასეთ ფაქტებთან [არჩევნების გაყალბების სქემები] მანამდეც მუშაობდა და ახლა უბრალოდ ხდება დადასტურება, რომ ასეთ ფაქტებს შესაძლოა სისტემური ხასიათი ჰქონდეს". - თქვა ნინო დოლძემ.
ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას გოგაშვილის ფაილებში აღწერილ დანაშაულებზე.
იმ შემთხვევაში, თუ უწყება გამოძიებას დაიწყებს, გამოკითხვაზე მისვლა მოუწევთ ქართული ოცნების ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებს, მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს; ქართული ოცნების რეგიონალურ მდივანს, დიმიტრი სამხერიძეს; იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი პატარიძეს; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს.
წაიკითხეთ, რა წერია "გოგაშვილის ფაილებში":