გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი გიჩო მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მკურნალობას ხეჩინაშვილის კლინიკაში აგრძელებს.
ექიმის თქმით, მარგველაშვილს ტყვია ბარძაყის და წვივის არეში ახლო დისტანციიდან მოხვდა, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება მეორე დაჭრილს - ტურისტი ამერიკულ ჰოსპიტალში იმყოფება. მას უტარდება კვლევები და მედიკოსების დაკვირვების ქვეშ არის.
გუშინ, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. მოკლულია კაცი.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათი ცნობით, ამ დროისთვის დანაშაულში ბრალდებული პირი იდენთიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.