logo
ENG



გოლეთიანი: თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, შევხვდებით თბილისში

14 მარ 202115:57
3 წუთის საკითხავი
 
გოლეთიანი: თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, შევხვდებით თბილისში
ვახო ქარელი/ფორმულა

ქუთაისში, ნამახვანის ჰესის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მომდევნო საპროტესტო აქციას თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართავენ.

მოსახლეობის მოთხოვნები უცვლელია - დატოვოს ხეობა კომპანია ენკა-მ, გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული ნებართვა და მასზე დაფუძნებული დოკუმენტები. დამატებით, დღევანდელი მონაწილეები ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას ითხოვენ.

"არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ხვალ კომპანიას წესით უნდა ეყოს იმდენი ჭკუა, რომ სამუშაოები არ განაახლოს. რასაკვირველია, ჩვენ დღეს ჯგუფებს შევადგენთ აქ, გადავინაცვლებთ ნამახვანში და თუკი ჩაირთვება ტრაქტორი, დავდგებით ყველანი იქ. მაგრამ, თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, შევხვდებით თბილისში და მოთხოვნები იქნება გაცილებით უფრო მძიმე", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.

ქუთაისის აქცია საპროტესტო შეკრებაა. წინა აქცია ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით 28 თებერვალს გაიმართა. 

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ. 

მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

აქტივისტებმა ეკონომის მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრა მოითხოვეს. თურნავა სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად მათ შეხვდა კიდეც, თუმცა, შეხვედრა კითხვებზე პასუხის გარეშე, რამდენიმე წუთში დატოვა. სწორედ ამის შემდეგ დაემატა დემონსტრანტების მოთხოვნებს თურნავას გადადგომა. 

ქუთაისის აქციებს წინ უძღოდა პროტესტი რიონის ხეობაში. დემონსტრანტებს ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალა. 

ორგანიზაცია EMC ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინვესტორს ტერიტორია 99 წლით, სიმბოლურ ფასად გადასცა გადასცა, ამასთან, შეთანხმებაში არის პუნქტი, რომ კომპანიას უფლება აქვს, 15 წლის შემდეგ საქართველოს ელექტროენერგია არ მიაწოდოს. 

ორგანიზაციის შეფასებით, ნამახვანის კასკადის პროექტი სამართლებრივ დარღვევებს, მაღალ სოციალურ და ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს 

ორგანიზაციის მოკვლევით, აშენების შემთხვევაში, ნამახვანის ჰესების კასკადი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი გახდება საქართველოს ტერიტორიაზე. კასკადი ორი ჰესისგან შედგება და მათი საერთო სიმძლავრე 430 მეგავატს აღემატება. პროექტში, რომლის მთლიანი ღირებულება 700 მილიონ დოლარს აჭარბებს, რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი და სამშენებლო კომპანია მონაწილეობს. არსებული პროექტი მოიცავს 15 კილომეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასაც.

კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს - ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრს შეადგენს.

EMC ამბობს, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მაღალია მისი პოტენციური ზეგავლენა ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე, ისევე როგორც ზეგავლენასთან დაკავშირებული რისკები. დასატბორ ტერიტორიაში ხვდება 110 ოჯახი, რომლებიც შესაძლოა გამოასახლონ. ზეგავლენის არეალში ექცევა 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რამდენიმე სოფელი და 10-ზე მეტი არქეოლოგიური ობიექტი.

 

close დახურვა