logo
ENG



გოლეთიანი აქტივისტის დაკავებაზე: ხეობაში რეპრესიული მოქმედებები გამძაფრდა

02 ივნ 202110:31
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აქტივისტ ირაკლი მუკბანიანის დაკავებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ხეობაში რეპრესიული მოქმედებები გამძაფრდა.

როგორც მან ფორმულას უთხრა, პოლიციამ დაშინების მეთოდს მიმართა და აქტივისტები პროვოკაციას წამოაგო.

"ვხედავთ, რომ გამძაფრდა რეპსრეიული მოქმედებები რიონის ხეობაში, რაც უკავშირდება ჩვენი თანამებრძოლის ამ ფორმით დაპატიმრებას, რომ დაადგა მას რამდენიმე მიკროავტობუსი სპეცრაზმი სახლში, როდესაც ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობდა. ჩვენთვის რომ მოემართა, პრობლემა არ იყო, მივიდოდა ირაკლი, სადაც უნდა მისულიყო, ეს ყველამ იცის, მაგრამ დაშინების მეთოდს მიმართეს და პროვოკაციაზე წამოაგეს ის ადამიანები, ვინც იქ იყვნენ შეკრებილები", - თქვა გოლეთიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუკბანიანს 29 მაისს, აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს. 

შსს ამტკიცებს, რომ სოფელ საყულიეში ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ირაკლი მუკბანიანის დაკავებისას პოლიციამ გამაფრთხილებლად გაისროლა. უწყებამ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც თვითმხილველებმა თქვეს, რომ სპეცრაზმმა მუკბანიანის დაკავებისას მათი მიმართულებით გაუფრთხილებლად ისროლა. მათივე თქმით, ერთი პირი რეზინის ტყვიით, მეორე კი ცეცხლსასროლი ტყვიით დაიჭრა.

უწყება თავის განცხადებაში არ აღნიშნავს, რამდენი ადამიანი დაშავდა, ან დაიჭრა სპეცოპერაციის დროს და წერს, რომ გამოიყენეს "სპეციალური საშუალებები". 


close დახურვა