logo
ENG



გომელაური: ვერც წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური ძალადობა მოხდებოდა

09 ივლ 202112:42
3 წუთის საკითხავი
 

5 ივლისს, მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობისა და პოლიციის უმოქმედობის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელია და მომხდარს გმობს. 

როგორც გომელაურმა აღნიშნა, "ვერ წარმოიდგენდა, თუ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური ძალადობა მოხდებოდა".

"ძალადობა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია და რა თქმა უნდა, ვგმობ არამარტო ჟურნალისტებზე, ნებისმიერ მოქალაქეზე და მით უმეტეს ჟურნალისტებზე. 

აქ იყო გათვლა, რომ ეს ორი ძალა - მარში, რომელსაც უნდა ჩაევლო რუსთაველზე და მეორე მხარე, ერთმანეთს არ დაპირისპირებოდა. 6 საათზე ველოდებოდით ამ ადამიანების შეკრებას, ზუსტი დრო და ადგილი, სამწუხაროდ, არ გვითხრეს, სად უნდა შეკრებილიყვნენ. შემდეგ თქვეს ფილარმონია. ფილარმონიასთან მობილიზებული იყვნენ რადიკალური ძალები და იყო განკუთვნილი ძალები, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს არ შეჯახებოდნენ და ძალადობა არ მომხდარიყო. ის, რომ მოხდებოდა ჟურნალისტებზე ძალადობა, არც გვიფიქრია. პირდაპირ გეუბნებით, ვერც წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური ძალადობა მოხდებოდა, მაგას ვერავინ წარმოიდგენდა", - თქვა გომელაურმა.

ღირსების მარშის ჩატარების დღეს რუსთაველის გამზირზე ძალადობა ორგანიზებულად მიმდინარეობდა. 

პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც იქ თითქოს 18:00 საათზე დანიშნული ღირსების მარშის ჩასაშლელად მივიდნენ, დილიდან შეიკრიბნენ. 

რამდენიმე წუთში აიღეს პარლამენტის წინ განლაგებული ოპოზიციური კარვები, მიიჭრნენ მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან, პარალელურად კი ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნა და მათზე ძალადობა დაიწყო. დაამტვრიეს მედიების ტექნიკა და ჟურნალისტების პირადი ნივთები. 

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისის ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მედიის წარმომადგენელი იყო.

ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 15 ადამიანი ჰყავს დაკავებული.

 


close დახურვა