შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სუს-ის მიერ საჯარო პირების პირადი ცხოვრების ანგარიშების დამზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "შეუძლია, ეგეთი დოკუმენტი მილიონობით გააკეთოს და გამოდოს".
"ეგ თქვენი ინტერპრეტაციაა, ვის აბარებს ანგარიშს [სუს-ი].. ეგეთი დოკუმენტი შემიძლია გავაკეთო მილიონობით და გამოვდო. ამაზე ვერ გავაკეთებ განცხადებას... დეტალებში შესვლა, ვთვლი, რომ ზედმეტია", - თქვა მინისტრმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იქნებ მასაც უსმენენ, ის პასუხობს:
"კარგი იქნება, რომ მომისმინონ, მე კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ".
მისივე თქმით, "არანაირი შეგრძნება არ აქვს, რომ უსმენენ". რაც შეეხება გამოძიებას, ის ამბობს, რომ "ალბათ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და გამოიძინებ, თუ გამოსაძიებელია".
ნიკა გვარამიამ გუშინ, 1 აგვისტოს ეთერში წაიკითხა დოკუმენტი, რომელიც, მისი თქმით, სუს-ის მომზადებულია - მასში მოთხობილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო და საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების დეტალები. გვარამიას თქმით, ჩანაწერებში ათობით საუბარია მოყვანილი და ასახავს ეს პირები ვის, როდის და რა ვითარებაში შეხვდნენ.
ის კონკრეტულ ადამიანებზე გაკეთებული ჩანაწერების შინაარს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში კითხულობდა და ზოგიერთ პირს, იდენტიფიცირების თავიდან ასარიდებლად, ინიციალებით მოიხსენიებდა.
მისი თქმით, ამ უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.
ფორმულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ ამაზე "რა თქმა უნდა, კომენტარის გაკეთება არ იგეგმება".