შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილს ვერაფერს დაავალებდა, რადგან მას არ იცნობდა. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ გოგაშვილის ინფორმაცია სიცრუეა.
"როგორ წარმოგიდგენიათ, მე ვიყავი იქ ხელმძღვანელი, რატომ დაავალებდა ადამიანს, რომელსაც არ იცნობდა, ან როგორ დაავალებდა ან რა უნდა დაევალებინა. ეს არის აბსურდი, არ იცნობდა ფიზიკურად ამ ადამიანს. რა უნდა დაევალებინა, მე არაფერს მავალებდა. თვითონ რასაც იძახის, რომ ამბებს კითხულობდა, მიჰქონდა, როგორც თქვა ბატონ ბიძინასთან მე ვაგზავნიდი. არ ვიცი, ალბათ, მე შვებულებაში ვიყავი [ამ დროს]. ვუგზავნიდით ბატონ ბიძინასო, პრემიერსო და კობახიძესო. უკანონო მოსმენებზე - საერთოდ გამორიცხეთ ეს თემა", - თქვა გომელაურმა.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და ქვეყანაში მიმდინარე უკანონო მოსმენებზე საუბრობს.
ის ამბობს, რომ "ივანიშვილი მოსმენებისათვის იყენებს არამარტო სუს-ს, არამედ შსს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას. საბოლოოდ კი უკანონო მოსმენებს ახორციელებს დაახლოებით 2 000 ოპერატიული მუშაკი". მისივე თქმით, ე.წ VIP პერსონების საუბრებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ივანიშვილს უგროვებს და ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის.