შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა, სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
"ორი ადამიანი იქნა ამოყვანილი, რომლებიც ცოცხალი არიან საბედნიეროდ. მძიმედ არიან, თუმცა კონტაქტურები. როგორც მითხრეს მაშველებმა, ერთი ადამიანის ცხედარი უნდა იყოს ნანახი. ვერ გიდასტურებთ 100%-ით, სავარაუდოდ, ადამიანის ცხედარია. მუშაობენ, რომ აწიონ სინკარები და ნახონ, სავარაუდოდ, გარდაცვლილი უნდა იყოს", - ამბობს ვახტან გომელაური.
გომელაურის თქმით, ნანგრევებში საერთო ჯამში 10-ზე მეტი ადამიანი არ უნდა იყოს.
"როგორც გითხარით 10-15 უნდა ყოფილიყვნენ, როგორც ვვარაუდობდით. როგორც ახლა ვაზუსტებთ, 10-ზე მეტი აღარ უნდა იყოს მოყოლილი, ზუსტ რაოდენობას ვერ გუებნებით. გამოძიება მიდის, დეტალებში ვერ შევალთ", - განაცხადა გომელაურმა.
მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ჯერ ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, კიდევ ერთი კაცის ამოყვანა მოხერხდა.
დღეს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმის კორპუსის ნანგრევებში კიდევ დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია.