logo
ENG



გომელაური გახელაძეზე: ვიმედოვნებ, მიიღებენ კულტურულ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებენ

23 ივნ 202112:15
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ იმედი აქვს, საოკუპაციო რეჟიმი მიიღებს "კულტურულ გადაწყვეტილებას" და გაათავისუფლებს უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს.

როგორ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კრების შემდეგ განაცხადა, გახელაძის გათავისუფლების საკითხზე ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს.

„მთავრობამ ყველაფერი გააკეთა - ჩვენი პარტნიორები, მეგობრები ჩართულები არიან ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში. ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ კულტურულ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებენ ადამიანს, დაუბრუნდება ოჯახს. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, შეიძლება ჩემმა ღია საუბარმა დააზიანოს და მოლაპარაკებები ჩაშალოს", - განაცხადა მინისტრმა.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს და უკანონოდ მიუსაჯეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა. მას შემდეგ, თითქმის ერთი წელია, ოჯახი უშედეგოდ ელოდება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, ამიტომ გადაწყვიტეს, სწორედ მის დაბადების დღეზე დაიწყონ საპროტესტო აქციები. 

ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია სოფელ ქვემო ჭალაში დღეს, 23 ივნისს 12:30 საათზე დაიწყება. 

მოძრაობა სირცხვილია და პოლიტიკური მოძრაობა დროა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.

ზაზა გახელაძის მამა აცხადებდა, რომ ის თავადაც დაარღვევდა ე.წ. საზღვარს და მისი შვილის დაბადების დღისთვის ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდოდა, თუმცა მან ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

22 ივნისს მეუფე ანდრია და მეუფე დამიანე გახელაძეების ოჯახში იმყოფებოდნენ. სახლის დატოვების შემდეგ მეუფე ანდრიამ თქვა, რომ ილია მეორე რუსეთის პატრიარქს გახელაძის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით წერილს გაუგზავნის.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ 23 ივნისს ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია შესაძლო პროვოკაციაა, რომელსაც ისინი არ დაუშვებენ. 

კომიტეტი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა შეიძლება დაარღვიონ ე.წ საზღვარი, რასაც მათი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება - "ადმინისტრაციული და სამართლებრივი რეჟიმების დარღვევის მცდელობები ჩაიშლება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში".

კგბ ასევე მოუწოდებს ქართულ მხარეს, აღკვეთონ მსგავსი ქმედებები.


close დახურვა