logo
ENG



ოჯახისა და პატრიარქის თხოვნით, გახელაძის მამა ოკუპირებულ ცხინვალში აღარ გადავა

23 ივნ 202110:45
3 წუთის საკითხავი
 

ზაზა გახელაძის მამის მიხეილ გახელაძის განცხადებით, ოჯახისა და პატრიარქის თხოვნით, ოკუპირებულ ცხინვალში აღარ გადავა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ვადას კიდევ 1 თვით აძლევს და თუ არაფერი შეიცვლება, მერე გადავა. ის ამბობს, რომ დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია მაინც გაიმართება.

"პატივს ვცემ უწმინდესს და არ გადავდივარ მაგის გამო და ვიკავებ თავს, მაგრამ როგორც დაანონსებულია აქცია, ჩვეულებრივად ჩატარდება.

პატრიარქისა და ოჯახის თხოვნით გადავიფიქრე გადასვლა. დავაცდი 1 თვე, რაღაცა შედეგი თუ ვერ მოგვცეს და არ დაფიქსირდა, აუცილებლად გადავალ ოჯახით", - თქვა გახელაძის მამამ.

გუშინ, 22 ივნისს მეუფე ანდრია და მეუფე დამიანე გახელაძეების ოჯახში იმყოფებოდნენ. სახლის დატოვების შემდეგ მეუფე ანდრიამ თქვა, რომ ილია მეორე რუსეთის პატრიარქს გახელაძის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით წერილს გაუგზავნის.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ 23 ივნისს ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია შესაძლო პროვოკაციაა, რომელსაც ისინი არ დაუშვებენ. 

კომიტეტი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა შეიძლება დაარღვიონ ე.წ საზღვარი, რასაც მათი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება - "ადმინისტრაციული და სამართლებრივი რეჟიმების დარღვევის მცდელობები ჩაიშლება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში".

კგბ ასევე მოუწოდებს ქართულ მხარეს, აღკვეთონ მსგავსი ქმედებები.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს და უკანონოდ მიუსაჯეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა. მას შემდეგ, თითქმის ერთი წელია, ოჯახი უშედეგოდ ელოდება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, ამიტომ გადაწყვიტეს, სწორედ მის დაბადების დღეზე დაიწყონ საპროტესტო აქციები. 

ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია სოფელ ქვემო ჭალაში დღეს, 23 ივნისს 12:30 საათზე დაიწყება. 

მოძრაობა სირცხვილია და პოლიტიკური მოძრაობა დროა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.


close დახურვა