ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიმრებულ ზაზა გახელაძის ოჯახში სასულიერო პირები მივიდნენ. ამ წუთებში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, და კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტი მეუფე დამეანე ხვდებიან. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები სასულიერო პირებთან და ეპარიის ხელმძღვანელებთან შეხვედრას, 15 ივნისს ერგნეთში, უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ითხოვდნენ და მათ ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვდნენ.
დღეს ქვემოჭალაში გახელაძეებთან შესახვედრად არ ჩასულა, ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი მეუფე ისაია, რომელიც ოკუპირებულ ახალგორშიც პერიოდულად გადადის.
ხვალ, 23 ივნისს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დაბადების დღეა.
მისმა ოჯახმა მისი გათავისუფლების თხოვნით არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას. ისინი შეხვდნენ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. მიიღეს დაპირებებიც, რომლიც ამ დრომდე არ შესრულდა.
ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე ამბობს, ის ხვალ გადავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მისი ოჯახი კი საპროტესტო აქციას გააგრძელებს.
პარალელურად, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ 23 ივნისს ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია შესაძლო პროვოკაციაა, რომელსაც ისინი არ დაუშვებენ.
კომიტეტი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა შეიძლება დაარღვიონ ე.წ საზღვარი, რასაც მათი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება - "ადმინისტრაციული და სამართლებრივი რეჟიმების დარღვევის მცდელობები ჩაიშლება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში".
კგბ ასევე მოუწოდებს ქართულ მხარეს, აღკვეთონ მსგავსი ქმედებები.
ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს და უკანონოდ მიუსაჯეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა. მას შემდეგ, თითქმის ერთი წელია, ოჯახი უშედეგოდ ელოდება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, ამიტომ გადაწყვიტეს, სწორედ მის დაბადების დღეზე დაიწყონ საპროტესტო აქციები.
ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია სოფელ ქვემო ჭალაში 23 ივნისს 12:30 საათზე დაიწყება.
მოძრაობა სირცხვილია და პოლიტიკური მოძრაობა დროა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.