logo
ENG



გომელაური დმანისზე: მადლობა ღმერთს, მძიმედ არავინ დაშავებულა

17 მაი 202121:39
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/17/odtucohe6z717hz.jpg

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. მისივე თქმით, ინციდენტში მონაწილე პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან. 

მინისტრი ამბობს, რომ დმანისში სხვა ქალაქებიდან ჩასული პირებიც იმყოფებოდნენ და ვითარება ამანაც დაძაბა. 

"დაკავებული არც ერთი ადამიანი არ არის. გამოკითხვაზე იმყოფებიან, როცა გამოკითხავენ გამოუშვებენ. გამოძიება მიდის. მომავალში რამდენი ადამიანი იქნება დაკავებული მერე გაირკვევა...სხვადასხვა ქალაქებიდან იყვნენ ჩამოსულები ადამიანები, მაგალითად თბილისიდან, რუსთავიდან და ვითარება დაიძაბა", - განაცხადა გომელაურმა. 

მისივე თქმით, უწყება პოლიციურ ძალებს დმანისში მაინც დატოვებს. რაც შეეხება დაშავებულებს, მინისტრი ამბობს, რომ დაშავებულები არიან, თუმცა არა მძიმედ. 

"ორივე მხარე შეხვდა და შერიგდნენ. იმედი გვაქვს აღარ გაგრძელდება. პოლიციურ ძალებს ვტოვებთ დმანისში და იქნება კონტროლი. აქედან გამომდინარე, ვერავინ ვერ იტყვის 100%-იანი, ხვალ რა იქნება. შეიძლება დმანისში არ მოხდეს და მოხდეს სამეგრელოში. დაშავებულები არიან, თუმცა მძიმედ დაშავებული არავინაა. პატარა დაზიანებები აქვთ, მადლობა ღმერთს", - თქვა ვახტანგ გომელაურმა. 

ცნობისთვის, დმანისში, საკრებულოს შენობაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს

დმანისში ადგილობრივები უკვე მეორე დღეა, ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. დაპირისპირებამ დღეს, 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. 

დმანისის ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული. ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დააკავეს რამდენიმე ადამიანი. 

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ. 

ადგილზე ვითარება მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. ადგილობრივებმა პოლიციის კორდონიც გაარღვიეს. 

16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა. 

საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ. 

მაღაზია ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ეკუთვნით. 

შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა. 

მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. 

კადრებში ჩანს, რომ ადამიანები ერთმანეთს ხის ხელკეტებით უპირისპირდებიან. ჩხუბში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ პირველადი დახმარება გაეწიათ. გუშინდელ ჩხუბში ჩართული მოქალაქეები პოლიციაშიც გამოჰკითხეს.


close დახურვა