შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის, საქმეს გამოეხმაურა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, საქმეზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი არ არის.
რაც შეეხება დაკავებული პირების ბრალდებებს, რომლებსაც გამოძიებასთან კითხვები აქვთ, შს მინისტრი აცხადებს, რომ გამოძიებაში ჩართულია როგორც ბრალდების, ასევე დაზარალებული მხარე და მისი თქმით, თუ რომელიმე მხარეს გამოძიებასთან რაიმე ბრალდება აქვს, შეუძლიათ პირდაპირ თქვან.
"გამოძიებაზე მე ბევრს ვერ ვისაუბრებ, იქიდან გამომდინარე რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც არ არის მოსული. ჩართულები ვართ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ყველა საგამოძიებო უწყება და ველოდებით დასკვნას. დასკვნის შემდეგ გამოჩნდება, თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება. დღეს ფაქტები რის საშუალებასაც გვაძლევს ამ მიმართულებით წავედით და ისე, როგორც დაკავებულების ადვოკატები და დაზარალებული ოჯახის ადვოკატი, ველოდებით სამხარაულის ექპერტიზის დასკვნას. მაქსიმალურად გახსნილები ვართ ყველა მიმართულებით, ჩართულები არიან ოჯახის ადვოკატები ორივე მხრიდან, თუ რამე ბრალდება აქვს სხვას შეუძლიათ გვითხრან პირდაპირ",-აცხადებს ვახტანგ გომელაური.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.
დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი.
შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
დაკავებული პირებიდან არცერთი ბრალს არ აღიარებს, მათი ადვოკატები აცხადებენ, ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.
ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.