logo
ENG



გონჩარენკო: ანტიდასავლური პროპაგანდა აჩვენებს, რომ საქართველოში ძლიერი მოსკოვის გავლენაა

20 იან 202310:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/20/yxmftk6yxela5z3.jpg

უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს თქმით, "უკრაინა ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ საერთოდ არ დაეხმარა". მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების უარი, დაეხმაროს უკრაინას "დიდი შეცდომაა და იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ მხარესაა ომში".

გონჩარენკომ პალიტრანიუსთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინა არ ელოდება საქართველოსგან HIMARS-ის სისტემებს და ნებისმიერი დახმარება სიმბოლურია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, მაგრამ ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ დაეხმარა უკრაინას. მათ არ გამოუგზავნიათ არც ერთი ტყვია, არც ერთი დანა, სრულიად არაფერი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ძალიან უცნაურია, რადგან როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, უკრაინა იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერდა მას, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ იარაღითაც. ახლა ჩვენ საქართველოს ხელისუფლება უარს გვეუბნება ყოველგვარ იარაღზე. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა და ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ მხარეს არის ომში. გეკითხებით, აქვს თუ არა საქართველოს ერთი დანა ან ერთი ტყვია? ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე. ჩვენ არ ველოდებით საქართველოსგან HIMARS-სა და F16-ებს, ეს შეუძლებელია და ჩვენ კარგად გვესმის, მაგრამ თუნდაც ერთი იარაღი, ერთი ავტომატი, ერთი ტყვია, სიმბოლურად ცხადყოფს, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ჩვენს საერთო მტერთან ბრძოლაში. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთს აქვს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების 20%- და ჩვენ აბსოლუტურად ერთ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ გვესმის, რომ ქართული შეიარაღება არც თუ ისე ძლიერია და ნებისმიერი დახმარება სიმბოლურია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს დახმარებაზე", - ამბობს გონჩარენკო.

ჟურნალისტმა გონჩარენკოს ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური ნარატივის გაღვივებაზე ჰკითხა, რაზეც მან უპასუხა, რომ "საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდა მხოლოდ რუსეთის ინტერესია და საუბარი იმაზე, რომ საქართველოს მიერ უკრაინისთვის მიცემული ერთი ტყვიით ქვეყანა ომში ჩაერთვება, აბსოლუტური სისულელეა".

"ვფიქრობ, საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდა არის ერთი ქვეყნის ინტერესი. ამ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია ჰქვია. საუბარი იმაზე, რომ თუ საქართველო ერთ ტყვიას მისცემს უკრაინას, ნიშნავს იმას, რომ საქართველო ჩაერთვება ომში, აბსოლუტური სისულელეა. ათობით ქვეყანა მთელ მსოფლიოში -ახალი ზელანდიიდან დაწყებული,ბალტიისპირეთის ქვეყნებით დამთავრებული და მრავალი სხვა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მეზობელია, უკრაინას მხარს იარაღით უჭერდა და ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ისინი ომში არიან ჩართული. ისინი უბრალოდ უკრაინას უჭერენ მხარს. იგივე სიტუაციაა აქაც. ეს ანტიდასავლური პროპაგანდა აჩვენებს, რომ მოსკოვის გავლენა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ძლიერია. მე ძალიან მიყვარს საქართველო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანა, რაც კი ოდესმე მინახავს და ქართველები გულუხვი და შესანიშნავი ხალხია. ბევრი ქართველი ჩემი მეგობარია და ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ აფერხებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ამ ისტორიულ დროს", - ამბობს გონჩარენკო.

ჟურნალისტმა გონჩარენკოს საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის ურთიერთობების გამწვავებაზეც ჰკითხა, რაზეც მან უპასუხა, რომ "თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის პოზიციას და დაიწყებს იარაღის მიწოდებას, დამოკიდებულება შეიცვლება".

"პრობლემა ცუდ სიტყვებში არ არის, პრობლემა ცუდ მოქმედებებშია. თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლის პოზიციას და დაიწყებს იარაღის მიწოდებას, ეს დამოკიდებულება შეიცვლება, რადგან ჩვენ საბავშვო ბაღის ბავშვები არ ვართ. ჩვენ ზრდასრულები ვართ ძალიან რთულ სამყაროში, სადაც მთავარია, რას აკეთებ და არა რას ამბობ", - ამბობს გონჩარენკო.


close დახურვა