გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ამბობს, რომ პრეზიდენტს რეგიონების კვირეულზე არ მიუწვევია. ამავე დროს იგი აღნიშნავს, რომ მიწვევის შემთხვევაში ვერ წავიდოდა, რადგან ბიუჯეტზე მუშაობენ და "ცეკვა-თამაშის დრო" არაა.
"ნამდვილად არავის არსად არ მივუწვევივარ ამ დღეებში, ერთადერთი გენდერის საბჭოს სხდომაზე ვარ მიწვეული. რაც შეეხება ამ პერიოდში, ყველა მუნიციპალიტეტში არის ბიუჯეტზე განსაკუთრებული მუშაობა და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად უდროო დროს შეურჩევია ეს პერიოდი", - ამბობს რაზმაძე ფორმულასთან.
მისივე თქმით, მიწვევის შემთხვევაშიც ვერ წავიდოდა პრეზიდენტის ღონისძიებაზე:
"ამას ბოიკოტს ვერ დავარქმევ, თავშივე აღვნიშნე, რომ არსად არ ვართ მიწვეულები. მე გეტყვით, ეს თემები უფრო უკეთესად უნდა იყოს დალაგებული და აი, ამ პერიოდში, წლის ბოლოს და განსაკუთრებით საბიუჯეტო პერიოდში, გართობის და ცეკვა-თამაშის დრო ნამდვილად არაა".
კითხვაზე, პრემიერის მიწვევის შემთხვევაში მივიდოდა თუ არა ღონისძიებაზე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს:
"პრემიერმა თუ მიმიწვია, პრემიერი მიმიწვევს საქმიანი ურთიერთობით, პრემიერი იშვიათად, რომ გასართობად იწვევდეს. იმ საქმიან შეხვედრაზე აუცილებლად წავალ. ამ ეტაპზე თქვენც კარგად იცით, რომ ეს გართობაა [რეგიონების კვირეული] და სხვა არაფერი".
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 21 ნოემბერს რეგიონების კვირეული გახსნა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ორბელიანების სასახლეში, სვანეთის დღეებთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რეგიონიდან ოფიციალური პირები არ მივიდნენ. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე კვირაში სხვა რეგიონებიდან მაინც ჩამოვლენ თანამდებობის პირები და აღნიშნავს იმასაც, რომ წლევანდელი უხერხულობის მიუხედავად, მომავალ წელსაც აპირებს მოიწვიოს სვანეთიდან ოფიციალური პირები ორბელიანების რეზიდენციაში.