logo
ENG



გორის სოფლის სკოლების 6 დირექტორი ამბობს, რომ სამინისტრომ უსაფუძვლოდ გაათავისუფლა

14 დეკ 202015:38
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/14/y6irj9u4w0dm9pj.jpg

განათლების სამინისტრომ გორში 40 საჯარო სკოლიდან დირექტორები გაათავისუფლა. მათგან 34 რამდენიმე დღეში დანიშნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, 6 კი სკოლის მიღმა დატოვა. 

ისინი დირექტორების ახალი კონკურსის გამოცხადებამდე მოვალეობის შემსრულებლებად არ გადაიყვანეს. 

უწყება დირექტორებს ისე დაემშვიდობა, რომ არც მიზეზი აუხსნია, არც მადლობა უთქვამთ და არც საყვედური. 

ხიდისთავის #1 საჯარო სკოლის უკვე ყოფილი დირექტორი, მიმოზა ღოლიჯაშვილი ქალქობანასთან ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ ისინი უსაფუძვლოდ გაათავისუფლა. 

"მე მაქვს ერთი კითხვა: საქმე მიყვარს, ვაკეთებ მთელი გულით და კეთილსინდისერებით, ვსარგებლობ სიყვარულით თემსა და სასკოლო საზოგადოებაში. რატომ არ მოხდა მოვალეობის შემსრულებლად ჩემი გადაყვანა, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება?". - ამბობს მანანა ღოლიჯაშვილი.

მისივე თქმით, სამინისტრომ უთხრა, რომ მას საშუალება ექნება, მიიღოს მონაწილეობა დირექტორების კონკურსში, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე თვეში გამოცხადდება. 

"მოვალეობის შემსრულებლად არ გადამიყვანეს სკოლაში, სადაც უამრავი რამე ვაკეთე სასკოლო საზოგადოებასთან ერთაად და იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ კონკურსში მონაწილეობას რამე შედეგი ექნება". - თქვა მან. 

ღოლიჯაშვილი ასევე ამბობს, რომ მომხდარში ვერც პოლიტიკურ მოტივს ხედავს ვინაიდან ის ქართული ოცნების ამომრჩეველია. 

"ვიღაც გირჩის ამომრჩეველია, ვიღაც - ნაციონალური მოძრაობის. ამას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ეს არ უნდა იყოს ნიშა, რომ ვიღაც დატოვო, ვიღაც არ დავოტო. ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. სწორედ ამიტომ მიჩნდება კითხვა: რატომ? რატომ არ მანდეს სკოლა რამდენიმე თვით. და ეს შეიძლება წლობით გაგრძელდეს, ვიცით, რომ მოვალეობის შემსრულებლები წლობით არიან". 

კარალეთის საჯარო სკოლის დირექტორი, არჩილ მიხანაშვილი კი აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანებს სკოლის შენობის ხელში ჩაგდება უნდათ. 

"გორის რაიონში 18 სკოლას ჰყავს ისეთი დირექტორი, რომელსაც სერტიფიკატიც არ აქვს და 6-7 წელი მუშაობენ შემსრულებლებად. მე რატომ არ უნდა გამეგრძელებინა 5-6 თვე, ვერ გავიგე. მიზეზი არის ის, რომ ამ სკოლის ხელში ჩაგდება უნდა ვიღაცას. და ვიცი, ვინც არიან, განა არ ვიცი. ხელისუფლებასთან დაახლოებული ხალხია". - ამბობს მიხანაშვილი. 


close დახურვა