თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს 13 პაციენტის ტესტირების პასუხი მიიღეს, მათგან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ლევან გოფოძე აცხადებს რომ დღის განმავლობაში ტესტირება კიდევ 7 პაციენტს ჩაუტარდა და მათი პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„გაუმჯობესდა შედარებით მდგომარეობა იმ პაციენტის, რომელიც მარნეულიდან იქნა გადმოყვანილი, ამჟამად სტაბილურია პაციენტი. გუშინ გაკეთდა 13 ტესტი 13-ვე ნეგატიური მოვიდა, დღეს კიდევ 7-ს გავტესტავთ. რამდენიმე პაციენტს საკარანტინო ვადა გაუვიდა, ზოგი კი გადაგვყავს კარანტინში, რადგან მათი კლინიკური ნიშნები გვაძლევს ამის საშუალებას“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
ბათუმის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობას 7 ინფიცირებული გადის, მათგან ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, აღენიშნება ტემპერატურის მატება და პნევმონია. გარდა ამისა, ერთ პაციენტს აღენიშნება პნევმონია, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
„ერთი პაციენტი არის საშუალოზე მძიმე მდგომარეობაში, აღმოაჩნდა ორმხრივი პნევმონია და გადაყვანილია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, სასიცოცხლო მაჩვენებელი აპარატის დახმარებით ნორმის ფარგლებშია. ერთს განვითარებული აქვს პნევმონია“, - განაცხადა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა, ამ მონაცემებით ქვეყანაში 85 ინფიცირებულია, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა.