logo
ENG



გოშევსკა: უკრაინაში ომის ფონზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ქმედებები სავალალოა

05 ნოე 202218:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/05/2n59os3v2sd3rtm.jpg

პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერის თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე  საქართველოს ხელისუფლების ქმედებები სავალალოა. 

გოშევსკას თქმით, მას საქართველოს მხარდაჭერის გამო ხშირად უწოდებენ საქართველოს არაფორმალურ ელჩს და ის ახლა დიდი სევდით ადევნებს თვალყურს ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით მდგომარეობას.

"მე დიდი სევდით ვადევნებ თვალ-ყურს იმას თუ რა ხდება საქართველოში, როგორ პირობებში უწევთ ქართველებს ყოფნა და ამჟამად რა მდგომარეობაშია დემოკრატია ქვეყანაში.

ამას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა, როცა გრძელდება საშინელი ომი უკრაინაში, რომელიც რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო და იმ ბარბაროსობის ფონზე რასაც სჩადის რუსეთის ფედერაცია უკრაინაში, ძალიან სავალალოა, თუ როგორ იქცევიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები" - განაცხადა მალგოჟეტა გოშევსკამ.

გოშევსკას განცხადებით, მეორე მხრივ ის ამაყია ქართველი საზოგადოების მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერით და მისი თქმით, ქართველებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი დასავლური საზოგადოების წევრები არიან.

„მაგრამ დიდი სიამაყით ვადევნებ თვალს იმას თუ როგორ იქცევა ქართველი საზოგადოება, როგორ იქცევიან ქართველები, როგორ უჭერენ მხარს, ეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებს სხვადასხვა ფორმით და მათ შორის როგორ იბრძვიან ეს ქართველები უკრაინაში ამ ქვეყნისათვის.

ქართული საზოგადოებაც მორიგ ჯერზე ამტკიცებს, რომ ის ყოველთვის იყო დასავლური საზოგადოების ნაწილი და არის და იქნება ამ საზოგადოების ნაწილი ყოველთვის. და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ პოლიტიკურმა ხელისუფლებამაც გაითავისოს ეს საბოლოოდ. მოუსმინოს თავის ქვეყანას, საზოგადოებას და მოუსმინოს იმ ხალხს რომელსაც მართავს” - განაცხადა მან.

პოლონეთის სეიმის წარმომადგენლის შეფასებით მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია ოლიგარქი ივანიშვილის პოლიტიკური პატიმრები არიან.

გოშევსკას აზრით, ნათელია ვინ მართავს დღეს საქართველოს და ამაზე მეტყველებს მათ შორის ისიც, რომ მმართველ პარტიას რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია და საქართველო რუსეთის მოქალაქეებს უპრობლემოდ იღებს.

„ეს თქვენც შესანიშნავად იცით ამას დიდი განმარტება არ სჭირდება თუ ვინ მართავს დღეს რეალურად საქართველოს, ვინ იღებს ყველაზე მნიშვნელოვან, საკვანძო გადაწყვეტილებებს. ასევე ის, რომ არანაირი სანქცია არ დაუწესდა რუსეთის ფედერაციას, ისიც რომ დღეს დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები დადის დღეს საქართველოში და რუსული ენა ისმის ყოველ ქუჩაზე, მგონი, ამას დიდი განმარტება არ სჭირდება” - განაცხადა მალგოჟეტა გოშევსკამ.

პოლონეთის სეიმის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება ფიქციად იქცა, ვინაიდან ისინი ფაქტობრივად არ ეხება უმთავრეს გადაწყვეტილებების მიმღებს, ბიძინა ივანიშვილს.

„ამ 12 პუნქტის შესრულება პრაქტიკულად ფიქციად იქცა. რადგან ისინი პრაქტიკულად არ ეხება იმ ადამიანს, რომელიც საქართველოში უმთავრეს გადაწყვეტილებებს იღებს“ - განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ.

პოლონეთის სეიმის წარმომადგენლის თქმით, ის დადებითად ვერ შეაფასებს ხელისუფლების დამოკიდებულებას მედიისა და ოპოზიციისადმი.

გოშევსკამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არსებულ გაუარესებულ სოციალურ მდგომარეობას მოწმობს რიგები საქართველოში პოლონეთის საკონსულოსთან. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები გაჭირვების გამო ცდილობენ ქვეყანა დატოვონ.


close დახურვა