ენმ-ის წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რაც, თავის მხრივ, ხელისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა.
"ტარიფები იზრდება გაუფასურებული ლარის გამო. როცა მთავრობა, ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ეკონომიკის სტიმულირებას აკეთებს და ახალისებს, ამ დროს კი 2 კვირაში ერთხელ რეფინანსირების სესხის გაცემა ხდება ეროვნული ბანკის მხრიდან და ვიღებთ საშინლად დეფიციტურ ბიუჯეტს, რომელშიც მრავალი უსარგებლო ხარჯია, რაც პირდაპირ იწვევს ფასების ზრდას. ლარი არის დღეს მთავარი ფაქტორი. წახალისების ნაცვლად მივიღეთ ეკონომიკის გაჩერება". - თქვა გოცირიძემ ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში.
მისივე თქმით, ენერგეტიკის სექტორი გაკოტრებულია, ვინაიდან წლების განმავლობაში ტარიფები პოლიტიკური დღის წესრიგით წესდებოდა და არ ხდებოდა ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინება.
"ერთი დარგი - ენერგეტიკა - გაზის და ელექტროენერგიის სექტორი, გაკოტრებულია. იმიტომ რომ პოლიტიკური ტარიფების დაწესება ხდებოდა, საარჩევნო მიზნებით ხდებოდა მანიპულირება მარეგულირებელი ორგანოების, მათ შორის სემეკის, რომელიც დამონებულია მთავრობას და ივანიშვილს. საარჩევნო დღის წესრიგით ხდებოდა ტარიფების დაწესება და არა ეკონომიკურით. მივიღეთ კოლაფსი. მოქმედი ტარიფებით ეს სექტორი გაჩერდება".
რომან გოცირიძის შეფასებით, ხელისუფლების საარჩევნო მიზნებზე მიუთითებს ის, რომ ელექტროენერგიის ტარიფი მხოლოდ არჩევნების შემდეგ გაიზარდა.
ელექტროენერგიის ფასი როგორც თბილისის, ისე რეგიონების მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის იზრდება. საყოფაცხოვრებო ტარიფი დაახლოებით 3 თეთრით იზრდება, არასაყოფაცხოვრებო ტარიფები - 9-12 თეთრით. გიორგი გახარიამ თქვა, რომ 2021 წელს გაზრდილი ტარიფების სუბსიდირებას ხელისუფლება მოახდენს.
რომან გოცირიძე ამასაც სკეპტიკურად უყურებს, ვინაიდან, მისი თქმით, ამას საგარეო ვალი დასჭირდება.
"სუბსიდირება შეიძლება იყოს ერთჯერადი, სანამ არსებობს საგარეო ვალის ფული. მთლიანობაში, ეს მაინც გამოიწვევს ფასების ზრდას, ვინაიდან, ლარის გაუფასურების ტენდენცია გავრცელდება სხვა დარგებზეც". - თქვა მან.