4 მარტს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. საპარლამენტო ოპოზიცია სხდომაზე დასწრებას არ აპირებს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოველდღე პრობლემებს უქმნის საქართველოს მისი ნაბიჯებითა და გამონათქვამებით.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აღნიშნავს, ისინი ბოიკოტირების რეჟიმის სეცვლას არ აპირებენ.
„ჩვენ არ ვაპირებთ ბოიკოტის მდგომარეობიდან გამოვიდეთ პრეზიდენტის მოხსენების გამო. იგნორირება არის ყველაზე კარგი შეფასება მისი ამ ერთწლიანი უკიდურესად წარუმატებელი საქმიანობის. ამავე დროს, გაორებული გრძნობით შევხედავთ მის გამოსვლას. ერთია ის უკიდურესი საფრთხეები, რომელიც მის გამონათქვამებს მოსდევს-ხოლმე და მეორე, მსუბუქი განცხადებები, რომელიც სხვადასხვა შოუებში აისახება-ხოლმე“, - განაცხადა გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე კი არ გამორიცხავს, რომ ხვალ პარლამენტის წინ სირცხვილის კორიდორი მოეწყოს.
„არ ვაპირებთ სხდომაში მონაწილეობა. საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა, მათ შორის მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებითაც. კომფორტის ზონის შექმნა ეს არ არის. მათ სამსახურებში 4 საათით ადრე უწევთ მისვლა და სირცხვილის კორიდორებში გასვლა და საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ წარმოჩენა როგორც კლოუნები“, - განაცხადა კახიძემ.