logo
ENG



გოცირიძე: წინასაარჩეევნოდ დავით გარეჯის თემის შემოგდება არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება

30 სექ 202012:46
3 წუთის საკითხავი
clock 465
f062ge700uef52b.jpg

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურატურის მიერ დავით გარეჯზე გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ამ თემის "შემოგდება" არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. 

გოცირიძის თქმით, გარეჯის საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაამწვავა.

"წინასაარჩეევნოდ დავით-გარეჯის თემის შემოგდება არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ღალატი ქვეყნის ინტერესებისა. მიდიან ყველაფერზე, ოღონდ შეინარჩუნონ ხელისუფლება და დაეპატრონონ იმ ყულაბას, რომელსაც ბიუჯეტი ჰქვია და საიდანაც იპარავენ ფულს. არ დამთავრებულა დემარკაციის, დელიმიტაციის პროცესი. გარეჯის საკითხი გაამწვავა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ჩვენ აქ სიმბოლურად ვუწოდეთ მოსიარულე, მოლაპარაკე საფრთხე. გადადგა ნაბიჯი გარეჯისკეენ და რა მივიღეთ დავინახეთ, ფაქტობრივად ჩაკეტილია ის ყველასათვის, მათ შორის სასულიერო პირებისთვის. გარეჯში შექმნილი ვითარება არის ამ ხელისუფლების სინდისზე", - აცხადებს გოცირიძე.

29 სექტემბერს, პროკურატურამ დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო. 

ასევე გუშინ, 29 სექტემბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე არქიმანდრიტი კირიონი გამოკითხა. არქიმანდრიტს არ უსაუბრია კონკრეტულად რა კითხვები დაუსვეს პროკურატურაში.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები. 

პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის დავით გარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას "დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს. იგი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ხელისუფლება გეგმავს, მას დააბრალოს "ქართული მიწის გაყიდვა".

 


close დახურვა