logo
ENG



გოცირიძე:ერთი პირბადე ერთი პურის ფასია, საქართველოში ათეულ ათასობით ადამიანი კი მშიერი დარჩა

08 ივნ 202013:58
3 წუთის საკითხავი
 

პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს პარლაემენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებების პროექტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 50 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით დაჯარიმდებიან. 50 ლარით დაჯარიმდებიან პირები, ვისაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ ეკეთება პირბადე. 

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, მთავრობამ უნდა შეისყიდოს პირბადეები და დაურიგოს მოქალაქეებს.

„სანამ ჯარიმებამდე მივა საქმე, ჯერ სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ დისტანცია იყოს დაცული და თამაშის წესები შემუშავებული, ეს იქნება ტრანსპორტი, საზოგადოების თავშეყრის ადგილები და ა.შ. და  გააჩნია შემდეგ დარღვევის სისრულესაც. ბუნებრივია, ადმინისტრაციული ჯარიმა თუ არ იქნება, ამ ნიღაბს არავინ გაიკეთებს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ღირს ლარნახევარი. ეს ღირს ერთი პურის ფასი და საქართველოში ასეულ ათასობით ადამიანი მშიერი დარჩა. უნდა შეისყიდოს პირბადეები და დაურიგოს იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს მისი შეძენის საშუალება“, - აღნიშნა გოცირიძემ.

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე კი პირბადის ფასის სიძვირეზე ამახვილებს ყურადღებას. 

„მე ამ კანონს არ ვეთანხმები. ვნახავ დეტალებს კიდევ რა იქნება. ასეთ მიდგომას, რომ ჯერ პირბადის ფასი აფთიაქში იყოს ლარნახევარი და ამ დროს, მთავრობა სავალდებულო 50 ლარს დებდეს ჯარიმებს ჩემი აზრით, მიუღებელია. კანონის დაცვას, როდესაც მოქალაქეებს ჯარიმით მოუწოდებენ, სანამ თითონ არღვევენ კანონს, მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრი რომ არ მოდის კომიტეტში, მაშინ მათთვის ერთთვიანი ხელფასის ჯარიმა იქნას დაწესებული“, - აღნიშნა კობერიძემ. 


close დახურვა