logo
ENG



გოცირიძე ბიუჯეტის შეცვლილ დოკუმენტზე: უკვე დაგვიანებულია

09 ივნ 202009:10
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობა დღეს პარლამენტში  2020 წლის ბიუჯეტის შეცვლილ დოკუმენტს  წარადგენს. მასში ყველა ის  პროგრამა იქნება გათვალისწინებული,  რომელიც კორონავირუსს და საქართველოს მოქალაქეების ჯანდაცვას უკავშირდება. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ  პროექტის პრეზენტაცია დაგვიანებულია. 

როგორც „ფორმულას“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა, ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი, პატარ-პატარა პროექტებზე იფლანგება.

„უკვე დაგვიანებულია. ბიუჯეტი რომ დროულად შემოსულიყო, ხალხსაც შეიძლება, ოდნავ მაინც შველოდა ამ მძიმე პერიოდში. ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი, რომელსაც მთავრობა აცხადებს იფლანგება სხვადასხვა პატარ-პატარა პროექტებზე. მათ შორის მშენებლობებისა და  დეველოპერების პროცენტების დაფარვაში, რომელიც პირდაპირ ხელისუფლების ბიზნესთან და სხვა გავლენიან პირებთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა გოცირიძემ.

პოლიტიკური მოძრაობის “დავით ჭიჭინაძე ტრიბუნას“ დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე კი მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურული ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებამ, შესაძლოა, უკუეფექტი გამოიწვიოს. 

„ძალიან საინტერესოა რომელი მუხლები მცირდება. რამდენად მორგებული იქნება ეს ეკონომიკის არა დანგრევასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, სადაც ხარჯი გაიწევა, იმას ეკონომიკური დატვირთვა გააჩნია და თუ მარტო სოციალური მხარე იქნება გაზრდილი და ძალიან იქნება შემცირებული ინფრასტრუქტურული ხარჯები, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან დამაფიქრებელი იქნება, რადგან შეიძლება ფულის დარიგებისგან უკუეფექტი მივიღოთ“, - აცხადებს ჭიჭინაძე.


close დახურვა