logo
ENG



გოცირიძე ევროპარლამენტარების კრიტიკულ შეფასებაზე:უმძიმესი ვერდიქტი

20 მაი 202011:12
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციაში ევროპარლამენტის მიერ საქართველოში განვითარებული მოვლენების კრიტიკას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს შეფასება უმწვავესია ქვეყნის ისტორიაში. მათივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და რვა მარტის შეთანხმება ბოლომდე მიიყვანოს.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ანგარიშში არსებულ ჩანაწერს პოლიტპატიმრების შესახებ „პირადად ივანიშვილისა და ქვეყნის“ დამღას უწოდებს - რომან გოცირიძის აზრით, ამას პირადად ივანიშვილისადმი სანქციები მოჰყვება.

„რა თქმა უნდა, ევროპარლამენტის კრიტიკა იყო უმწვავესი და როდესაც ქვეყანას მოიხსენიებ ისეთ სახელმწიფოდ, სადაც არ არსებობს სასამართლო, სადაც სერიოზული პრობლემებია სასამართლოში, უზურპირებულია სასამართლო ხელისუფლება და რომელიც გამოყენებული პოლიტიკური დევნისათვის, შემდეგ მას მოსდევს პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება და შემდეგ პოლიტპატიმრების არსებობა, ეს არის უმძიმესი ვერდიქტი. ეს არის დამღა პირადად ივანიშვილის და ქვეყნის ზურგზე. პოლიტპატიმარი თუ გყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამას რაღაც უნდა მოჰყვეს და მოჰყვება ის, რასაც უკეთებენ ხოლმე დიქტატორებს და უზურპატორებს - პერსონალური სანქციები და ბევრი სხვა“, - ამბობს რომან გოცირიძე.

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ბესელია ფიქრობს, რომ მსგავსი ჩანაწერების გაჩენა ევროპარლამენტის ანგარიშში ქვეყნისთვის დამაზიანებელია და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით არსებული კრიტიკა გათვალისწინებული უნდა იქნას.

„როდესაც სასამართლოსთან დაკავშირებით არის ასეთი კრიტიკული შეფასება, პოლიტიკური პატიმრები სახელდება, შემდეგ არის უკვე დემოკრატიის კუთხით სხვა ნეგატიური შეფასებები, ყველაფერი ეს საბოლოოდ უკავშირდება მართლმსაჯულების პრობლემას. ამიტომაც ეთმობა მას ყველაზე დიდი ადგილი ამ ტექსტში, რომ თუ მოშლილია ხელისუფლების ეს შტო, ეს განაპირობებს სხვა უფლებების დარღვევასაც და სხვა პრობლემები ჩნდება ადამიანის უფლებების კუთხით. ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთი ჩანაწერები გაჩნდა", - აცხადებს ეკა ბესელია.

დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი კი მოუწოდებს ხელისუფლებას, ითანამშრომლოს დასავლელ პარტნიორებთან და შეასრულოს რვა მარტის შეთანხმება, რადგან ევროპა და აშშ სწორედ ამას ელიან საქართველოსგან.

„ეს არის გაგრძელება იმ განცხადებების, რაც გვესმის უკვე გარკვეული პერიოდია. ჩვენი პარტნიორები ელოდებიან და ძალიან ყურადღებით აკვირდებიან 8 მარტის შეთანხმების შესრულებას სრულად. ყველმა ვიცით უკვე რა მოიაზრება არ შეთანხმებაში, რა მოლოდინებია შეთანხმების მიმართ და ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლებას თუ სჭირდება და აპირებს იპარტნიოროს დასავლეთთან, მაშინ დასჭირდება ეს სრულად მიიღოს და შეასრულოს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე გუშინ სვენ მიქსერის მიერ შედგენილი ანგარიში განიხილეს. ევროპარლამენტარები ოპოზიციური პარტიების ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ 15 მაისს პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა ასევე უმთავრესია გათავისუფლდეს კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა. 


close დახურვა