წინასაარჩევნოდ ძალიან სასაცილო, არასერიოზული, უნიჭო სპექტაკლი დადგეს, თითქოს ახლა გახარია ხელმოწერას ადებდა ამ დოკუმენტს, - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.
გოცირიძე ამბობს, რომ ამ საქმეზე ობიექტური გამოძიება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩატარდება.
"30-მდე ანაბეჭდია. გამოძიება იქნება ობიექტური, როცა ხელისუფლება შეიცვლება, ვის მისცა, ვინ იყო შუამავალი, რა პირობებში, არის ალბათ ვიდეოჩანაწერები და ა.შ. მაგრამ ეს არ არის ტექნიკური დეტალები მთავარი, რა მოთხოვნებიც იყო და იმის შემდეგ რაც განხორციელდა, ეს ადასტურებს, რომ პოლიტიკური დევნა იყო", - თქვა გოცირიძემ.
ცნობისთვის, წერილის დედანზე ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. ექსპერტიზისთვის წერილის გადაცემამდე, მამუკა ხაზარაძემ წერილის დედანი საკვლევად ბრიტანულ კერძო კომპანიას გადაუგზავნა. პროკურატურა იუწყება, რომ ბრიტანული კომპანიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები ერთმანეთს დაემთხვა.
საქმე ეხება 2019 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ წერილს, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, მას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმჟამინდელმა შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.
ხაზარაძის მიერ გავრცელებულ წერილში, მისი მტკიცებით, გიორგი გახარია მას ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია იმედის ტრენდზე გადაყვანას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით ემუქრებოდა.