logo
ENG



გრიგოლ ვაშაძე: მოიტანენ ისეთ რაღაცას, რომ სახელმწიფოში გაგრძელდეს ერთპიროვნული მმართველობა

19 დეკ 201917:21
3 წუთის საკითხავი
 

ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები ლეიბორისტების ოფისში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები იყვნენ შეკრებილი. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხვალინდელი მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი იყო. ოპოზიცია ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელის.

ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ოპოზიცია კვლავ ერთიანია. ოპოზიციის ლიდერები „ქართული ოცნებისგან“ კონკრეტულ ინიციატივებს ელიან. 

„ის რაც არ მინახია, თუ არსებობს ბუნებაში საერთოდ იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. წარმოდგენა, რომ შეგექმნათ პოზიციაზე, ხელისუფლება მყავს მხედველობაში, გახსოვდეთ, რომ თუ მოიტანენ საერთოდ რაღაცას მოიტანენ ისეთ რაღაცას, რაც გარანტიას მისცემს მათ, რომ სახელმწიფოში გაგრძელდეს ერთპიროვნული მმართველობა. ამიტომ დაველოდოთ და განცხადებებს ხვალ გავაკეთებ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ისინი დაელოდებიან თუ რა ინიციატივა ექნება მმართველ ძალას ხვალინდელ შეხვედრაზე.

„საუბრის თემა იყო ხვალინდელი შეხვედრა მმართველ ძალასთან, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით და ამაზე გვაქვს შეჯერებული პოზიცია. დაველოდებით რა ინიციატივა ექნებათ, მომლაპარაკებელ ჯგუფს აქვს მანდატი შესაფერისი მიღებული და დაველოდებით, რა წინადადება იქნება მმართველი ძალის მხრიდან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„შენების მოძრაობის“ წარმომადგენლის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მათ წინასწარ არ იციან რას მიიტანს მმართველი გუნდი ხვალინდელ შეხვედრაზე.

„არაფერი არ ვიცით ხვალ რითი მოდიან საერთოდ, მოიტანენ თუ არა რამეს. წინა შეხვედრა დასრულდა იმითი, რომ ხელისუფლებამ მოლაპარაკებების განმავლობაში პირველად განაცხადა, რომ დიახ არსებული სისტემით და მოდელით არჩევნების ჩატარება არ ივარგებს და საჭიროა ცვლილება. ხვალ ვნახოთ რას მოიტანენ და იმის შესაბამისად თუ რა იქნება, მერე გვექნება ჩვენ პოზიცია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ მმართველი გუნდი და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან.


close დახურვა